„სააკაშვილს შეუძლია, დაუყოვნებლივ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება, შეწყვიტოს შიმშილობა, მაგრამ არ აკეთებს ერთი მიზეზის გამო, ის არის ღირებულებით კონფლიქტში სტრასბურგის სასამართლოსთან“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, კობახიძის თქმით, არ არსებობს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საჭიროება და ასევე არის უსაფრთხოების ძალიან სერიოზული რისკები, რომლებიც უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას.
„რაც შეეხება საავადმყოფოში გადაყვანას. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ხდება აღმოჩენა, თითქოს ეს არის რაღაც ახირებული პოზიცია. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ სერიოზულ რისკებს უსაფრთხოების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ უწყებები, სამსახურები, სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ასეთი ტიპის გეგმები ვერ განხორციელდეს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება არის სერიოზული დილემა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. ერთი რომ არ არსებობს ამის საჭიროება და მეორე – უსაფრთხოების რისკები არის ძალიან სერიოზული. საუბარია რისკებზე, რომლებიც უკავშირდება ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას.
სტრასბურგის სასამართლოს ძალიან მკაცრი მოწოდებაა, რომელსაც სამწუხაროდ, სააკაშვილი არ ასრულებს. რომ შეასრულოს მოწოდება, ბუნებრივია, ყველაფერი შეიცვლება, თუმცა ეს არის რაღაც შანტაჟის ფორმა, რომელსაც იყენებს და რაც სამწუხაროა.
ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელში. მას შეუძლია, მაგალითად, დაუყოვნებლივ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, შეწყვეტს შიმშილობას და ელენე ხოშტარიაც შეწყვეტს შიმშილობას, მაგრამ ის ამას არ აკეთებს ერთი მარტივი მიზეზის გამო, ის არის ღირებულებით კონფლიქტში სტრასბურგის სასამართლოსთან და ზოგადად ყველაფერთან, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით არის ახირებული მოთხოვნა.
„მე დეტალებში ვერ შევალ, მოიტაცებენ თუ არ მოიტაცებენ. მგონია, რომ ვერ მოიტაცებენ, მაგრამ მცდელობის შემთხვევაში, შეიძლება, ადამიანების სიცოცხლეს შეექმნას სერიოზული საფრთხე. ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ მხოლოდ იმის გამო, რომ არის ახირებული მოთხოვნა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით, რაც მას საერთოდ არ სჭირდება. მით უმეტეს, გახსოვთ, სააკაშვილმა თქვა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას შემდეგ გადაყვანის პირობით. შიმშილობის შემდეგ, მით უმეტეს, ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, რომ არავის სჭირდება მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური კლინიკა იმისთვის, რომ გაიაროს რეაბილიტაცია. ადამიანს ერთადერთი სჭირდება საკვების სათანადო დოზირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.