„კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. ის განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს,“ - ამის შესახებ ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით სააკაშვილს და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
„სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე დღესაც ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხზე. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება ძალიან დიდი გამოწვევაა. ეს დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის, და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ეს ყოფილ პრეზიდენტსაც კარგად ჰქონდა გააზრებული, თუმცა ის მაინც ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ. კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. ის განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.