„ახლახან დავასრულე სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში, სადაც საშუალება მომეცა მესაუბრა ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ახალ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე. შევხვდი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს, კამალა ჰარისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს და ისლანდიის პრეზიდენტს, გუდნი იოჰანესონს. იუნესკოში, სადაც ასევე გამოვედი სიტყვით, კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული და აფხაზური ენის გადარჩენის უმწვავეს საკითხს. გუშინ კი ორბელიანების სასახლეში შეხვედრა გავმართე MEDEF-ის დელეგაციასთან, რომლებიც საქართველში მოვიწვიე თავის დროზე და სამწუხაროდ პანდემიის გამო გადაიდო ერთი წლით, რათა ადგილზე ენახათ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„ეს ყველაფერი ჩემი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობაა, ქვეყნის სახის, ღირსების და იმიჯის დაცვა და წარმოჩენა. სწორედ ამას ემსახურება ჩემი თითოეული ნაბიჯი ქვეყნის გარეთ თუ შიგნით.
გარეთ თუ შიგნით, ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სახელმწიფოს მხრიდან უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო ინტერესს, მის სტაბილურობას, ერთიანობასა და წინსვლას. სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, დღესაც ჩემს მოვალეობად მივიჩნევ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხზე.
ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება ძალიან დიდი გამოწვევაა. დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისათვის, ხელისუფლებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. ეს მას კარგად გააზრებულიც ჰქონდა და მიუხედავად ამისა ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ.
კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი, ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა - ჩვენი საზოგადოება, ისევე როგორც , საერთაშორისო თანამეგობრობა, აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას, და თუ როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
ამდენად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რეგულარულად ვიღებდი და ვიღებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უწყებებისგან, მაგალითად: სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, იუსტიციის მინისტრი და ჯანდაცვის სამინისტრო.
დღეს მინდა ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო და ამ სერიოზულ საკითხთან მიმართებაში გავაცნო ჩემი შეხედულება:
ამიტომ, ამ მიმართულებითაც ნათელი უნდა მოეფინოს ობიექტურ საჭიროებებს და პრეტენზიებს: რა სტანდარტების დაცვა მოეთხოვება უცხოეთში პენიტენციური სისტემის კლინიკებს, სადაც მკურნალობენ მოშიმშილე პატიმრებს. ანუ, სამედიცინო დანადგარების ნუსხა, რითიც უნდა იყოს აღჭურვილი დაწესებულება, სადაც პატიმარი გააგრძელებს მკურნალობას.
ხელისუფლებას ევალება, რომ საზოგადოებას აცნობოს კონკრეტულად არსებული დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს, კიდევ ერთხელ ნუსხა არის საჭირო, და თუ არა, მოინახოს ალტერნატიული და უსაფრთხო გამოსავალი, ვინაიდან საზოგადოებაში ეს საკითხი იწვევს დიდ მღელვარებას.
ხელისუფლებას ევალება ყველა იმ ზომის მიღება, ყველა იმ ინფორმაციის გაცემა, ყველა იმ საფრთხის გათვალისწინება, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს საზოგადოების თუ ქვეყნის სტაბილურობაზე. ასეთ დროს სამწუხაროა, რომ არსებულ კონსილიუმს არ მიეცა შესაძლებლობა თავისი საქმიანობის გაგრძელების თუმცა, აღსანიშნავია, სახალხო დამცველის ინიციატივა, რომ ექიმების ჯგუფის მიერ შეფასდეს არსებული მდგომარეობა და საზოგადოებას მიეწოდოს დამატებითი ინფორმაცია, რამეთუ ინფორმაციის ნაკლებობა თავისთავად კვებავს მღელვარებას.
არ შეიძლება ამ ვითარებაში არ გამოვთქვა წუხილი, რომ ინფორმაციის და მოზომილი კომენტარების მაგივრად ზოგი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული გამომწვევი განცხადებები საზოგადოებაში იწვევს მეტ გაუგებრობას, დაძაბულობას თუ გაღიზიანებას.
ქვეყნის სიმშვიდისა და დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იქნეს გააზრებული ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება, რათა თავიდან იქნეს ყველა შესაძლო პროვოკაცია აცილებული და დაპირსიპირების მცდელობები.
ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და რომლის მიზანიც ევროინტეგრაციაა, განსაკუთრებული დაკვირვებისა და საფრთხის ქვეშაა. ამიტომ, ნებისმიერი პროვოკაცია, სპეკულაცია და დესტაბილიზაცია, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, ითხოვს მყისიერ, დაფიქრებულ და გონივრულ რეაგირებას!“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.