logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: შიმშილობა აზიანებს ჯანმრთელობას, ამიტომ ის არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელსაც მე მივესალმებოდი
- +

17 ნოემბერი. 2021. 23:16

 

 

 

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, შიმშილობა აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას და ბუნებრივია, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

 

მისივე თქმით, არ შეიძლება, ამ მოწოდებას არ იზიარებდე ან არ ეთანხმებოდე.

 

წულუკიანის თქმით, შიმშილობა არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელსაც თავად მიესალმებოდა.

 

„რასაკვირველია, ყველა პატიმარს აქვს შიმშილობის უფლება. ასევე, რასაკვირველია  და დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ შიმშილობა აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ ბუნებრივია, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ და არ შეიძლება, ამ მოწოდებას არ იზიარებდე ან არ ეთანხმებოდე. უფრო მეტიც, მინდა, ამ მოწოდებაში გავაერთიანო ყველა ის ადამიანი, ვინც პარლამენტის შენობაში ან პარლამენტის შენობის მიღმა შეუერთდა ამ პროცესს. შიმშილობა აზიანებს ჯანმრთელობას, ამიტომ ის არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელსაც მე მივესალმებოდი, იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები მალე შეწყვეტენ პროტესტის ამ ფორმას. პროტესტისთვის მრავალი სხვა ფორმა არსებობს და რასაკვირველია, შეიძლება, სხვა უფრო რბილი ფორმების გამოყენება, რათა პროტესტი, შესაბამისად, ის აზრი და პოზიცია, რომლისთვისაც ის პროტესტია, გამოხატულ იქნას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ამასთან, თეა წულუკიანის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების შესაფასებელია. ამავდროულად, წულუკიანი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო თავის ვალდებულებებს შეასრულებს.

 

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე ვერ შევაფასებ ამას, არ გახლავართ ექიმი, ეს ექიმების საქმეა და ამ პროცესში სხვადასხვა პროფილის მრავალი ექიმი არის ჩართული, მათ უნდა ვენდოთ, მათ უნდა მოვუსმინოთ. მე მხოლოდ ვიტყოდი, რომ როდესაც მქონდა შესაძლებლობა, ორი წლის განმავლობაში იუსტიციის მინისტრის რანგში მემართა პენიტენციური სამსახური, პრინციპი იყო ერთი, თუ პატიმარს სჭირდება სამოქალაქო სექტორში გადაყვანა, ის არის გადაყვანილი. ვიდრე მას ეს არ სჭირდება, ის მკურნალობს საპატიმრო პირობებში, ანდა ციხის სამკურნალო დაწესებულებაში. ეს პრინციპი დღესაც ძალაშია, ყველა ფაქტი და მტკიცებულება ამას მოწმობს.

 

მინდა, საზოგადოების ყველა იმ ჯგუფს, რომელიც შეიძლება, მწვავედ იყოს ჩემს პოლიტიკურ გუნდთან დაპირისპირებული, თუნდაც პირადად ჩემთან, ვუთხრა რომ, არ არსებობს არავითარი განგაშის საფუძველი. შეგიძლიათ, იყოთ მშვიდად, რადგან როგორც კი, და თუ გაჩნდება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი, რა თქმა უნდა, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა პენიტენციური სამსახური, ეს ამ შემთხვევაშიც გაკეთდება. ვიდრე  ეს არ კეთდება, ეს ნიშნავს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. ყველა პატიმარს, ვინც შიმშილობს, და დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი არ არის დღეს ერთადერთი, ვინც საპატიმროებში შიმშილობს, მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა და კვლავ მოვუწოდო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ. სახელმწიფო კი თავის ვალდებულებებს რა თქმა უნდა შეასრულებს.

 

ჩვენ ხომ ყველა ადამიანები ვართ, ვიდრე ვიქნებით სახალხო დამცველები და კიდევ სხვა თანამდებობის პირები. რა თქმა უნდა, ყველა ნორმალურ ადამიანს პირველი ახსენდება ის, რომ მოშიმშილეს მოუწოდოს შიმშილობის შეწყვეტისკენ. როდესაც ამას სტრასბურგის სასამართლო ამბობს, ეს უკვე არ არის უბრალოდ მოწოდება, ეს არის სამართლებრივი განცხადება, რომელსაც დაცვის ან დაუცველობის შემთხვევაში ექნება სამართლებრივი შედეგები. ეს განსხვავებაა, ერთია მორალური მოწოდება, ადამიანური და მეორე არის სამართლებრივი გადაწყვეტილება შიმშილობის შეწყვეტის მოწოდებისკენ მიმართული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner