პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა. ფაქტთან დაკავშირებით უწყებაში ბრიფინგი გაიმართა და დანაშაულის ამსახველი კადრებიც გამოქვყნდა.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს გაურკვეველ და არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ გაუპატიურებით.
ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება დაკავებისთვის საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.
სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაკავებული ჩაიყვანეს ციხის ე.წ. კარანტინში, სადაც აყურებინეს თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, რის შემდეგაც დაზარალებულს დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა მასაც გააუპატიურებდნენ.
ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა.
წამების შედეგად მიღებული აღიარებითი ჩვენება ალექსანდრე მუხაძისა და მეგის ქარდავასთვის არ აღმოჩნდა საკმარისად ამომწურავი, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა პატიმარი აიძულეს შეეჭამა ის ფურცელი, რომელზეც მისი ჩვენება იყო დაწერილი.
სასურველი ჩვენების მისაღებად, იგი შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სექსუალური ძალადობის ინსცენირება, რომელიც კამერით გადაიღეს.
2011 წლის მაისიდან 2012 წლის თებერვლის თვემდე დაზარალებული არაერთხელ იქნა დაკითხული, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდებოდა მისი დაპირისპირება ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, სასურველი ჩვენების მისაღებად მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე დაადო პისტოლეტი და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით დახვრეტის იმიტაცია მოახდინა.
ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი აღიარებითი ჩვენებისთვის.
ალექსანდრე მუხაძის, მეგის ქარდავას და დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან პატიმარზე განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, მან თვითმკვლელობა სცადა“, - აღნიშნავენ პროკურატურაში.
https://www.facebook.com/watch/?v=276465997743714
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ წამების შედეგად მიღებული აღიარებითი ჩვენების მიუხედავად, ე.წ. ტერაქტში მონაწილეობაზე, ასეთი ტერორისტული აქტის არარსებობის გამო, არ დაწყებულა გამოძიება და პატიმრის მიმართ ტერაქტში მონაწილეობაზე სისხლისსამართლებრივი დევნა.
დაზარალებულმა პატიმარმა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მეგის ქარდავა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შუამდგომლობის საფუძველზე, დააკავეს უკრაინის ტერიტორიაზე. დაკავებისას მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს არაერთი ვიდეო ჩანაწერი, რომლებიც გამოთხოვილი იქნა უკრაინის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან.
ვინაიდან ალექსანდრე მუხაძე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, - წამებისათვის - ბრალდება მას დაუსწრებლად წარედგინება საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის II ნაწილით. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - აღნიშნავენ პროკურატურაში.