საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის დასკვნაზე პასუხს პენიტენციური სისტემა გასცემს.
მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, კონსილიუმს მიხეილ სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტა ერჩია.
„ჩვენი მოწოდებაა, თქვან, რა არის ის სამედიცინო სერვისი, რაც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება და მე-18 დაწესებულებაში ვერ იღებს. კარგია, რომ რაღაცას მაინც საუბრობენ, მაგრამ კონსილიუმის დასკვნაზე პასუხი ექნება პენიტენციურ სისტემას. ნაცვლად იმისა, რომ კონსილიუმს შეესწავლა, შიმშილობის შემდეგ როგორ არის რეაბილიტაციის შესაძლებლობა, საუბრობენ იმაზე, მოშიმშილე პატიმარი როგორ მართონ და ამისთვის საჭიროა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. არადა, თავად სააკაშვილი აცხადებს, რომ როგორც კი მოხდება მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შიმშილობას შეწყვეტს. ანუ, მათი ეს რეკომენდაციაც არარელევანტური იქნება, რადგან საჭირო იქნება რეაბილიტაცია.
კარგი იქნებოდა, კონსილიუმს მიხეილ სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტა ერჩია, ნაცვლად იმისა, რომ ემსჯელათ, როგორ იმართოს. ეს მოწოდება იქნებოდა კარგი ექიმებისგან და სახალხო დამცველისგან. მით უმეტეს, ვიცით, რომ ელენე ხოშტარიას მდგომარეობა ძალიან რთულია და ერთადერთი, რის გამოც შიმშილობს, მიხეილ სააკაშვილია. მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არის არაჰუმანური მოქცევა. ის არ ამბობს, რომ შიმშილობის გაგრძელებას აპირებს, მან პოლიტიკური მოთხოვნა გათავისუფლებაზე მოხსნა. ერთადერთი მოთხოვნა აქვს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. ეს არაპროპირციულია, რადგან ვხედავთ, რომ მის გამო ადამიანი შიმშილობს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.