logo_geo
eng_logo
პოლონეთის პრემიერი: თავისი საიმიგრაციო პოლიტიკით ანგელა მერკელმა საფრთხის ქვეშ დააყენა უამრავი ევროპული სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ხელოვნური მულტიკულტურალიზმი შექმნა
- +

18 ნოემბერი. 2021. 13:50

 

 

„ბელარუსი მიგრანტებს იარაღად იყენებს - მათი სამიზნე გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდებია,“ - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში.

 

„ამჟამად სიტუაცია სტაბილურია, თუმცა სულ უფრო და უფრო საშიში ხდება. ბელარუსი მიგრანტებს იარაღად იყენებს. მათი სამიზნე გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდებია“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.

 

პოლონეთის პრემიერი შიშობს, რომ საზღვარზე შექმნილი სიტუაცია ღია სამხედრო კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს.

 

„ამის გამორიცხვა არ შეგვიძლია. ბელარუსის ძალები სულ უფრო და უფრო მიმართავენ პროვოკაციებს. როგორც ჩანს, ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი სტრატეგიას მიჰყვებიან, რომლის მიზანი დასავლეთის დესტაბილიზირებაა. ჩვენ არ ვიცით, კიდევ რას გეგმავენ. შესაძლოა, საზღვარზე შექმნილი კრიზისი ახალი სამხედრო თავდასხმებისგან ყურადღების გადატანას ემსახურებოდეს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

მატეუშ მორავეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონელები მტკიცედ დაიცავენ თავიანთ და ევროპისა და ნატოს აღმოსავლეთ საზღვარს.

 

„თუ დღეს ათასობით მიგრანტის შეკავებას ვერ შევძლებთ, მალე ასიათასობით და მილიონობით მიგრანტს მივიღებთ“, - აღნიშნა მან.

 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე გააკრიტიკა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკა.

 

„ანგელა მერკელმა საფრთხის ქვეშ დააყენა უამრავი ევროპული სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ხელოვნური მულტიკულტურალიზმი შექმნა. ეს სახიფათო პოლიტიკა იყო ევროპასა და მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner