ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში წერს:
„აი, სად მარხია ძაღლის თავი!
აი, რატომ არ აღდგა სამართალი! (საქართველოს პარლამენტი ხელს უშლის მოქალაქეებისათვის სააკაშვილის რეჟიმის მიერ წართმეული ქონებების დაბრუნებას )
იცით, რატომ ვერ ახერხებს ათასობით მოქალაქე, დაიბრუნოს წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება?
იცით, რატომ არ აღუდგა სამართლიანობა უამრავ დაზარალებულ ოჯახს?
იცით, რომ პროკურატურაში შექმნილ სპეციალურ დეპარტამენტს, რომლის პროფილიც სწორედ წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულთა უფლებების აღდგენაა, ცალი ხელი შებორკილი აქვს?
ამაში მთავარი დამნაშავე საქართველოს პარლამენტია, ჰო, პარლამენტი, რომელმაც არა და არ დააყენა საშველი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო კანონის მიღებას!
კერძოდ, პროკურატურას კანონმდებლობით არა აქვს უფლება, გადახედოს სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ხელახალ ძიებაში დააბრუნოს საქმეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული წესით იქნა განხილული.
არადა, ათასობით მოქალაქეს სააკაშვილის რეჟიმმა ქონება სწორედ ადმინისტრაციული სასამართლო გადაწყვეტილებებით ჩამოართვა.
პარლამენტში დიდი ხანია, დევს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ პროკურატურას მიეცეს უფლება, სასამართლოს ადმინისტრაციული წესით გამოტანილ გადაწყვეტილებებს გადახედოს, თუმცა, საკანონმდებლო ორგანომ დღემდე ვერ ან არ მოიცალა, ეს უმნიშნელოვანესი და სამართლიანობის აღსადგენად ერთ-ერთი საკვანძო კანონპროექტი კანონად აქციოს.
დიახ, ბოლო 9 წლის განმავლობაში პარლამენტმა ბუსუსებიანი პრეზერვატივების აკრძალვიდან დაწყებული, ძაღლის მიერ სადარბაზოში მოშარდვაზე სანქციების დაწესებით დამთავრებული, ათას კანონპროექტზე იმსჯელა, მაგრამ სამართლიანობის აღსადგენი ერთ-ერთი მთავარი კანონი დღემდე არ მიუღია.
მივმართავ საქართველოს პარლამენტს: დაუყოვნებლივ მიიღეთ კანონი, რომელიც პროკურატურას უფლებას მისცემს, ნაცრეჟიმის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული წესით გამოტანილი გადაწყვეტილებები გადასინჯოს და სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე ათასობით ადამიანი თავის კანონიერ უფლებებში აღადგინოს!
ნუ დაელოდებით იმ დღეს, როცა სამართლიანობის არაღდგენით გამწარებულ ადამიანთა რისხვა მოგიკაკუნებთ კარზე და მას ვერსად დაემალებით“, - წერს ჯაბა ხუბუა.,