„რა თქმა უნდა, ეს არის შემზარავი და არაერთი ასეთი სადამსჯელო შეხვედრა ჩატარებულა პენიტენციურ დაწესებულებებში. სწორედ ეს არის ყველაზე ამაზრზენი, რომ „ნაციონალური მოძაობა“ თავის მიერ მართული ტელევიზიებით ამ წლების განმავლობაში დაკავებულია რეალობის გადაკეთებით და წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური და საინფორმაციო შეტევა ხდება საზოგადოებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. საუბარია ვიდეოჩანაწერზე, რომელშიც მეგის ქარდავა და ალექსანდრე მუხაძე ფიგურირებენ.
მისივე თქმით, რეალობის გადაკეთებაში გულისხმობს იმას, რომ მწამებლები წარმოჩინდებიან, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველები.
„ის ხალხი, რომლებმაც პენიტენციური სისტემა გადააქციეს სასაკლაოდ, დღეს წარმოჩინდებიან, როგორც პენიტენციური სისტემის მცოდნე ექსპერტები და ჭკუას გვასწავლიან. ის ადამიანები, რომლებიც ხალხს ართმევდნენ საკუთრებას და რეიდებს ატარებდნენ ტელევიზიებში, დღეს თავს წამოაჩენენ, თითქოს ისინი არიან მედიის თავისუფლების დამცველები. ეს არის რეალობის გაყალბების მცდელობა, რის გამოც საზოგადოებამ ყველა ამ არჩევნებში უარი უთხრა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ ნაცმოძრაობა რასაც აკეთებდა ხელისუფლებაში ყოფნისას, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც აგრძელებს ძალადობას საკუთარ მოქალაქეებზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.