„სოციალურ ქსელში ადამიანებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს ისტორიების გამოქვეყნება, რაც ძალიან სწორია და ყველა მათგანს მოვუწოდებ, რომ ჩვენ მოვალენი ვართ შევახსენოთ საზოგადოებას ის ამბები, რაც ხდებოდა და როგორი იყო სააკაშვილის შექმნილი ხორცის საკეპი მანქანა, სადაც ის ადამიანებს ანადგურებდა“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაზარალებულმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო ადამიანების გასანადგურებელი სისტემა, სადაც ადამიანი საერთოდ არ არსებობდა.
„ვინც ციხეში მოხვდებოდა, ყველაფერი ადამიანური უნდა წაშლილიყო და იქიდან უნდა გამოსულიყო განადგურებული, რომელიც ხმამაღლა საუბარსაც ვერ გაბედავდა. ნებისმიერი პატიმარი იხსენებს და ყვება, რომ არ აძლევდნენ სკამზე დაჯდომის უფლებას, დაწოლის საშუალებას. არ შეიძლებოდა ადამიანურ პირობებში პატიმრების ყოფნა. თითოეულ საკანში, რომელიც 5 ადგილიანი იყო, მოთავსებული იყო 50 პატიმარი და ა.შ. ახლა მესმის, რომ თურმე სირცხვილია, რომ პრეზიდენტი ციხეშია, ეს სრულიად ამორალურია. ნიურნბერგის პროცესი კი არ იყო სირცხვილი, არამედ სირცხვილი იყო ის, რომ ჰიტლერი აირჩია გერმანელმა ხალხმა“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.