უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, განხორციელდა თუ არა კორცხელის ინციდენტში ბრალდებულების ანგარიშზე ფულადი გადარიცხვები შპს „კალა კაპიტალიდან. ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ „იმედის დროსთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. შოთაძის განმარტებით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
„ჩვენ მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც კონკრეტულ კომპანიებზე საუბრობდნენ. კონკრეტულად, საუბარი იყო „კალა კაპიტალსა" და „ალფა ბანკზე", რომ გადარიცხვა მოხდა ბრალდებულების პირად ანგარიშებზე და რომლის უკანაც შესაძლებელია ყოფილიყვნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები.
ამ მიმართულებით, საერთაშორისო თხოვნებია გაგზავნილი, რათა ეს ინფორმაცია მოვიპოვოთ, ვინაიდან ეს გადარიცხვები საქართველოში არ არის განხორციელებული, ის არარეზიდენტი იურიდიული პირების ანგარიშების მეშვეობით არის განხორციელებული, შესაბამისად, ამას ჩვენ გამოძიებით აუცილებლად დავადგენთ და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით",- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.