საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ დახურვის ცერემონიას დაესწრნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კონფერენციის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.
„ალექსანდრე დარახველიძემ კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ქალი პოლიციელების როლს გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში ქალ-სამართალდამცველთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ქალი პოლიციელების ხსოვნას.
4-დღიანი კონფერენციის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის წარმომადგენლებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ქალი სამართალდამცველების მუშაობის სპეციფიკა და მათი გამოწვევები, ქალი პოლიციელების როლი გენდერული თანასწორობის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციაში, ქალი სამართალდამცველების ჩართულობის მნიშვნელობა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების, ასევე, ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი მოტივაციის ამაღლებას.
კონფერენცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.