სააფთიაქო და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები მთავრობას მოუწოდებენ რეგულაციების გასამკაცრებლად მათ მიმართ, ვინც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაყალბებითა და ყალბი „მწვანე ბარათების“ დამზადებითაა დაკავებული.
ფარმაცევტული გილდია, ასევე, ხნიერთა მოვლისა და საზოგადოებრივი ცენტრების წარმომადგენლები ავსტრალიის მთავრობას აფრთხილებენ ანტივაქსერების მიერ ფართოდ აპრობირებული თაღლითური სქემების შესახებ, რომლებსაც ისინი იყენებენ სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციებისა და შეზღუდვებისგან თავის დასაღწევად.
არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში დაწესებულია ჯარიმები (6,600 დოლარი) ვაქცინის იმ პროვაიდერებისთვის, რომლებიც მონაცემებს აყალბებენ, თუმცა ყურადღება გასამახვილებელია კანონმდებლობაში არსებულ ლაფსუსებზეც, რომლებიც ხელს უწყობს ვაქცინებთან დაკავშირებული მაქინაციების განხორციელებას, რაც უნდა გამოსწორდეს.
სააფთიაქო გილდიის განცხადებით, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ვაქცინაციის სერტიფიკატთან დაკავშირებული თაღლითური მაქინაციები. გილდიის ინფორმაციით, უკვე დაფიქსირდა ფაქტები, რა დროსაც სამკურნალო დაწესებულებებს იმუნიზაციის დამადასტურებელი ყალბი ცნობის გაცემისთვის 1000 დოლარს სთავაზობდნენ. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ვაქცინაციაზე დარეგისტრირებული პირის ნაცვლად ადგილზე სხვა გამოცხადდა, რომ დარეგისტრირებული პირების ნაცვლად აცრილიყო, ხოლო დოკუმენტი გაცემულიყო მათზე, ვისაც რეალურად აცრა არ ჰქონდა ჩატარებული.
გილდია ვარაუდობს, რომ აღნიშნული სახის თაღლითური სქემები კიდევ უფრო გახშირდება ქვეყანაში გამკაცრებული კოვიდსაწინააღმდეგო შეზღუდვების ინიცირების ფონზე. გილდია, ასევე, გამოდის ინიციატივით, შეიქმნას სისტემა, სადაც მსგავსი თაღლითური შემთხვევები აღირიცხება.