ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, ხვალ 20 ნოემბერს გურჯაანში, ახტალის პარკში ღონისძიება გაიმართება, სადაც მოსულ მოქალაქეებს ადგილზე შეეძლებათ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება. ვაქცინირებული პირები უფასოდ მიიღებენ იუსტიციის სახლის სახელმწიფო სერვისებს და სხვადასხვა ფასდაკლების ვაუჩერს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი - ამირან გამყრელიძე, გურჯაანის მერი - ზურაბ უტიაშვილი.
ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება და მას ცნობილი მსახიობი რუსკა მაყაშვილი წარუძღვება.
დღის პირველი ნახევარი მთლიანად დაეთმობა საბავშვო აქტივობებს. ბავშვების განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები იზრუნებენ.
ტერიტორიაზე მოწყობილი იქნება მოსასვენებელი და კვების სივრცეები.
დღის ბოლოს კი ჯგუფი "ალილო" წარდგება.
ღონისძიება ჩატარდება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით.