logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა
- +

19 ნოემბერი. 2021. 21:17

 

 

მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის სამინისტროს წინადადება მიიღო და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

 

„მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება შემდეგია: იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და იქ მოთავსებისთანავე შეწყვეტს შიმშილობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაზუსტებით ვიცოდეთ, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. ე.წ. რეფიდინგის პროტოკოლი უნდა გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიშები. ეს უნდა იყოს აქამდე შექმნილი ყველა კონსილიუმის მონაწილეობის. სააკაშვილი დღეს გადაყვანილი იქნება გორის ჰოსპიტალში და ხვალიდან უნდა დავადგინოთ მისი სამედიცინო დღის წესრიგი პუნქტობრივად. მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით, ზუსტ დროს არ ვამბობ, იმიტომ რომ ამას ითხოვს უსაფრთხოების ზომები. ძალიან ვთხოვ ყველას, ვინც აქ იმყოფება, არ შექმნან აქ შეფერხებები. თუ აქ იქნება ადამიანების სიმრავლე, რეანიმობილი უბრალოდ არ გამოვა დაწესებულებიდან. ჩვენ მოგვიანებით გავემგზავრებით გორში და მოვახდენთ სააკაშვილის იქ გადაყვანის ინსპექტირებას“, - განაცხადა გვარამიამ.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

 

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

 

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner