საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, აბსურდია, რომ ქვეყანამ დასავლურ კურსს გადაუხვია. მისივე თქმით, ამას კონკრეტული შედეგი მოწმობს.
„სად არის ფაქტები, რომელიც ჩვენი დასავლური კურსიდან გადახვევას ადასტურებს? ფაქტები აბსოლუტურად საწინააღმდეგოს მეტყველებს. ის, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, სავიზო ლიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება, საქართველო არის ყველაზე წარმატებული Nato -ს ასპირანტი ქვეყანა, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი და ფაქტობრივად, უკვე მოქმედებს, როგორც Nato -ს წევრი ქვეყანა, ხომ არის ის კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რასაც ბოლო რვა-ცხრა წლის განმავლობაში მივაღწიეთ?
იგივე რიტორიკული კითხვით გიბრუნდებით, შეიძლება, Nato-ს მინისტერიალზე იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიპატიჟონ, რომელმაც დასავლურ კურსს გადაუხვია? შეიძლება, მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა დემოკრატიის სამიტზე იმ ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური დაპატიჟოს, რომელმაც დასავლურ კურსს გადაუხვია? შეიძლება, ქვეყანაში, რომელსაც ანტიდასავლური კურსი აქვს, Nato -ს ხომალდები, მეექვსე ფლოტის წამყვანი გემები შედიოდნენ და ამით იყოს გამოხატული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის სერიოზული პოლიტიკური გზავნილი? ეს არის კონკრეტული შედეგები, რითაც ჩვენს ოპონენტებს ვპასუხობთ, ვინც ამბობს, რომ ქვეყანამ დასავლურ კურსს გადაუხვია – ეს აბსურდია. როგორ წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მთავრობამ გადაუხვიოს დასავლურს კურსს, რასაც მხარს უჭერს მოსახლეობის 75%-ზე მეტი, ასეთი მთავრობა ხომ დასრულებულია. ყველა არჩევნების წინ ოპოზიცია ასეთ ნარატივს იყენებს, მაგრამ ყველა არჩევნებში დამარცხდნენ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.