უკრაინაში რუსული ჯარის გააქტიურების აღსაკვეთად ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, ამიტომ მოსკოვის შესაკავებლად მისაღები ზომები უნდა დაჩქარდეს. New York Times-ის ცნობით, ამის შესახებ ამერიკულმა დაზვერვამ ევროპის ქვეყნებში თავისი კოლეგები გააფრთხილა.
გამოცემის ცნობით, დაზვერვის სამსახურებში დარწმუნებულები არიან, რომ თავდასხმისთვის ყველაფერი მზადაა და ის შესაძლოა ძალიან მალე მოხდეს. ამასთანავე, ამერიკელი ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ მოსკოვს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა დაავალოს უკრაინის საზღვართან მობილიზებულ ჯარებს.
მიუხედავად ამისა, აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონმა და ევროპულმა ქვეყნებმა უფრო აქტიურად უნდა ითანამშრომლონ იმ ეკონომიკური და სამხედრო ნაბიჯების კოორდინაციისთვის, რომელთა საშუალებითაც მოსკოვის შეკავება იქნება შესაძლებელი. ამ მიზნით მიმდინარე კვირაში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ევრილ ჰეინსი ბრიუსელში იმყოფებოდა.