logo_geo
eng_logo
ლადო პაპავა: წინა წლებთან შედარებით მოსახლეობაზე შემოსავლების გადანაწილება უფრო თანაბრად ხდება
- +

20 ნოემბერი. 2021. 13:40

 

 

პროფესორ ლადო პაპავას განცხადებით, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი (იგივე „ჯინის კოეფიციენტი“), შემცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, მოსახლეობაზე უფრო თანაბრად ხდება შემოსავლების განაწილება.

 

„ამ კუთხით, 2020 წელს, 2010 ან 2012 წლებთან შედარებით სიტუაცია აშკარად გაუმჯობესებულია. თანაც, 2019 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, 2007 წელთან შედარებით, 768 ათასით, 2010 წელთან შედარებით 684 ათასით, ხოლო 2012 წელთან შედარებით 392 ათასით შემცირდა. 2019 წელს სიღარიბის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 19,5% შეადგინა. ეს ოფიციალური სტატისტიკაა, რომელსაც ჩვენ ყველა, განსაკუთრებით, თანამდებობის პირები, მათ შორის ეკონომიკის მინისტრიც, რა თქმა უნდა, უწინარეს ყოვლისა ვეყრდნობით“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.

 

მისივე თქმით, საქსტატის მონაცემებით, 2007 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო 1,5 მილიონი ადამიანი, 2010 წელს 1,4 მილიონი, 2012 წელს 1,1 მილიონი, ხოლო 2019 წელს 725 ათასი ადამიანი.

 

„ინკლუზიურობაში გარღვევის მიზნით, მთავრობა ნაბიჯებს ნამდვილად დგამს. აქ აუცილებელია, ქვეყანაში ხელი შეეწყოს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას ანუ, ხელი უნდა შეეწყოს მრეწველობის და სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამ თვალსაზრისით, მთავრობა ახორციელებს საინტერესო პროექტს „აწარმოე საქართველოში“ და მე ვურჩევდი მას, ეს პროექტი მეტწილად ორიენტირებული იყოს მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაზე, ნაკლებად - ტურისტულ სექტორზე, რადგან ტურიზმი მთავრობის მხარდაჭერის გარეშეც შედარებით ადვილად შეძლებს განვითარებას, მრეწველობას და სოფლის მეურნეობას კი, მთავრობიდან მხარდაჭერა ნამდვილად ესაჭიროება. ამ შემთხვევაში, ინკლუზიურობა კიდევ უფრო გაიზრდება“ - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner