„ვადასტურებ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში იმყოფება. მისი დავა და სასამართლო პროცესი მნიშვნელოვანია რიგი მიზეზების გამო. ამ დავის ფიგურანტი, მოსარჩელის სტატუსით, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წონადი ფიგურაა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში - ეს არის ერთ-ერთი გარემოება“, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მან ბერმუდის სასამართლოში განხილული საჩივრის შესახებ ისაუბრა.
„ეს დავა მნიშვნელოვანია არ მხოლოდ მისი სირთულისა და კომპლექსურობის გამო, არამედ იმ უპრეცედენტობის მაღალი ხარისხის გამოც, რაც მას ახასიათებს. ეს უპრეცედენტობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ პირველად წავაწყდით ამ დავის შემთხვევაში უმაგალითო შემთხვევას, როგორ შეიძლება მსოფლიოში აღიარებულმა საფინანსო ინსტიტუტმა ბოროტად გამოიყენოს კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა. ეს არის სამაგალითო და უპრეცედენტო შემთხვევა, რომლის ანალოგი მსოფლიო პრაქტიკაში ალბათ იშვიათად მოიპოვება. მესამე ფაქტორი არის ის, რომ გარდა ამ დავის საერთაშორისო მედიაში უკვე მიმდინარე გაშუქებისა, ქართულ სივრცეში დღეს არსებული მასალით ჩვენ შეგვიძლია უკვე ვიმსჯელოთ, რომ ამ დავის დეტალები, ამ დავის მიმდინარეობა მაღალი ალბათობით გამოყენებული იქნება არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისთვის“, - აღნიშნა ყიფიანმა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. მან ბანკის დაზღვევის პროდუქტებში $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი განათავსა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო სქემიდან პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებული თაღლითურ ოპერაციების გამო, $400 მილიონი გაქრა.