ქართველმა მხატვარმა ზურაბ წერეთელმა პროექტში „ევროპამ აღმოაჩინა ამერიკა" გაიმარჯვა და ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკებები დადგა ესპანეთში, კერძოდ სევილიაში, და პუერტო-რიკოში. მისი თქმით, ამერიკაში წარდგენილმა მისმა ნახაზებმა დიდი აღტაცება გამოიწვია და პროექტი ერთხმად მოიწონეს.
„ამერიკაში გამართულ კონკურსზე წარვადგინე ჩემი კონცეფცია - „ევროპამ აღმოაჩინა ამერიკა". კონკურსში გავიმარჯვე და ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკებები დავდგი ესპანეთში, კერძოდ სევილიაში, და პუერტო-რიკოში. სევილიაში აღმართული კოლუმბის ქანდაკება 45-მეტრიანია და „ახალი ადამიანის დაბადება" ჰქვია, ხოლო პუერტო-რიკოში დადგმული კოლუმბის ქანდაკება, რომელსაც „ახალი მიწის აღმოჩენა" ეწოდება, სიმაღლით 126 მეტრს აღწევს. რამდენიმე თვის სამუშაო მაქვს დარჩენილი და ძეგლის დადგმას მომავალი წლის 22 იანვარს ვგეგმავ.
ინჟინერული თვალსაზრისით, ეს გახლავთ ურთულესი კონსტრუქცია. ამერიკაში გამართულ კონკურსზე ჩემს მიერ გაგზავნილი ნახაზები რომ განიხილეს, გაოცდნენ, რადგან ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული. არავითარი კრიტიკა არ ყოფილა, ჩემი პროექტი ერთხმად მოიწონეს", - ამბობს ზურაბ წერეთელი.