logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, რათა სააკაშვილის თემა აქტუალური და დესტაბილიზაციის მიმართულება უზრუნველყოფილი იყოს
- +

22 ნოემბერი. 2021. 11:48

 

 

უკრაინის მოქალაქეების ქვეყანაში არშემოშვებისა და უკან გამგზავრების ფაქტს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა. როგორც მან „ქრონიკასთან“ საუბრისას თქვა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილთან კონტაქტში მყოფი უკრაინელი მებრძოლები, საქართველოში ჩამოსვლას ცდილობენ.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, რათა სააკაშვილის თემა აქტუალური და დესტაბილიზაციის მიმართულება უზრუნველყოფილი იყოს. მათ შორისაა უკრაინიდან კონკრეტული ადამიანების ვიზიტები. ჩამოვიდა ერთი ჟურნალისტი, რომელსაც, ვითომ, ინტერვიუს აღება უნდოდა და, ინტერვიუს გარეშე, უკან გააბრუნეს, მაგრამ უკრაინაში, თავის გადაცემაში, დეზინფორმაციის უშველებელი ტალღა გამოუშვა ეკრანებზე. იგივე იყო სახალხო დამცველის შემთხვევაშიც, რომელიც არანაირი სახალხო დამცველის ფუნქციის შესასრულებლად არ არის ჩამოსული. ჩვენ გვყავს სახალხო დამცველიც, პოლიტიკურად საკმაოდ ანგაჟირებული... ახლა კიდევ, ჩამოვიდა გუნდი, რომელშიც ერთ-ერთი საკმაოდ გამოცდილი სამხედროცაა. არ მგონია, რომ სამხედრო გადატრიალების განვითარების რესურსი ჰქონდეს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ისინი არ არიან საქართველოს მეგობრები. სააკაშვილი არის ბერკეტი, რომელსაც საკმაოდ მოხერხებულადაა გამოყენებული იმ ძალის მიერ, რომელსაც დესტაბილიზაცია სურს რეგიონშიც და მსოფლიოშიც“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

უკრაინიდან თბილისში ჩამოსული 6 მგზავრი, იმავე თვითმფრინავით უკან გააბრუნეს. მათ შორისაა პაშა კაშჩუკი, რომელიც, ოფიციალური წყაროების თანახმად, სამხედრო ინსტრუქტორია და უკრაინელ სამხედროებს სნაიპერული იარაღიდან სროლაში ავარჯიშებს. ამავე წყაროს თანახმად, უშუალოდ მისი გადამზადებულია უკრაინაში მოქმედი საბრძოლო დანაყოფის, ქართული ლეგიონის - „მგლების“ მებრძოლებიც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner