logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: მივესალმები ირაკლი ღარიბაშვილის ორ ძალიან კარგ ინიციატივას ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის გაჯანსაღების მიმართულებით
- +

22 ნოემბერი. 2021. 14:12

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ საკითხებს ეხმიანება და წერს, რომ ახალგაზრდების გაჯანსაღების კუთხით სააფთიაქო ნარკომანიის და ლუდომანიის პრობლემის გადაწყვეტა მნიშვნელოვანი საკითხია.

 

„მივესალმები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ორ ძალიან კარგ ინიციატივას ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის გაჯანსაღების მიმართულებით:

 

1) სააფთიაქო ნარკომანიის შემცირება. ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე წვდომა ამის საჭიროების არმქონე ადამიანებს რომ აქვთ, დიდი ხანია, სამწუხაროდ, ყველასთვის ცნობილია. ამგვარი მედიკამენტების გაყიდვაზე ეფექტური კონტროლის დაწესება დაგვიანებულია, მაგრამ თუ აწი ეს უმკაცრესად აღსრულდება, ძალიან ბევრ თანამემამულეს გადავარჩენთ.

 

2) ლუდომანიამ (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება), ისევე როგორც ფსიქოტროპულ წამლებზე დამოკიდებულებამ არაერთი ოჯახი რომ გააუბედურა, ესეც ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა. პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, საწყის ეტაპზე გაიზრდება გადასახადები ონლაინ-კაზინოებისთვის, აიკრძალება მათი მოსაბეზრებელი რეკლამები და მოთამაშეებისთვის 25 წლამდე აიწევა ბარიერი. მეორე ეტაპზე კი, საერთოდ აიკრძალება ონლაინ-კაზინოებად წოდებული ეს ფინანსური საწამლავი.

 

ფაქტია, რომ 1,5 მილიარდი ლარი ონლაინ-კაზინოების მეშვეობით გაედინება ქვეყნიდან. ამ ფინანსური ხაფანგების უდიდესი უმრავლესობა უცხოური კომპანიაა. დიახ, ჩვენი შეჭირვებული მოსახლეობის მოთამაშეთა 1,5 მილიარდი ლარი გაედინება საქართველოდან. იმედია, მოიძებნება ასევე გარკვეული ფინანსურ-ტექნიკური ხერხები, რათა აკრძალვის შემდეგ, უცხო ქვეყნების ონლაინ-კაზინოებში არ მოხდეს ლუდომანიით შეპყრობილი ჩვენი თანამოქალაქეების გადართვა“, - წერს ანალიტიკოსი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner