logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე პატიმრებს: გამოაცხადეთ შიმშილობა და მოითხოვეთ გადაყვანა მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში
- +

22 ნოემბერი. 2021. 14:28

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე პატიმრებს მიმართავს და მათ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ახალი სტანდარტების შესახებ ინფორმაციას უზიარებს.

 

კაკაბაძის თქმით, ახალი სტანდარტების მიხედვით ყველა პატიმარი, რომელიც გამოაცხადებს შიმშილობას, უნდა იქნეს გადაყვანილი არა პენიტენციურს დაქვემდებარებულ, არამედ ქალაქის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში.

 

მისივე თქმით, თუ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია აღნიშნულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, საქართველოს სახალხო დამცველი ამას შეაფასებს, როგორც პატიმრის „პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის“ დარღვევად და ყველაფერს გააკეთებს პატიმრების უფლებების დასაცავად.

 

„მიმართვა პატიმრებს! ახალი სტანდარტები საქართველოს პენიტენციურ სისტემაში. საქართველოს პენიტენციურ სისტემაში სააკაშვილის შიმშილობის დროს „ნაცმოძრაობის“ ლობისტების ზეწოლას დაქვემდებარებულმა საქართველოს ხელისუფლებამ დაამკვიდრა ახალი სტანდარტები, რის გამოც მოვუწოდებთ პენიტენციურ სისტემაში განთავსებულ პატიმრებს:

 

გამოაცხადეთ შიმშილობა და მოითხოვეთ გადაყვანა მულტი-ფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში, რადგან ახალი სტანდარტების მიხედვით ყველა პატიმარი, რომელიც გამოაცხადებს შიმშილობას, უნდა იქნეს გადაყვანილი არა პენიტენციურს დაქვემდებარებულ, არამედ ქალაქის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში. მიმართეთ სახალხო დამცველს და მისი საშუალებით - საერთაშორისო ორგანიზაციებს.

 

მოითხოვეთ ყოველდღიურად 3-4 ვიზიტორის მიღება, რადგან ახალი სტანდარტების მიხედვით, ყველა პატიმარს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ყოველ დღე მიიღოს ვიზიტორები და არა მარტო ადვოკატები და ოჯახის წევრები. ამ მოთხოვნაზე უარის შემთხვევაში მიმართეთ სახალხო დამცველს და მისი საშუალებით - საერთაშორისო ორგანიზაციებს.

 

უარი განაცხადეთ პენიტენციურ დაწესებულების შენობაში შესვლაზე, რადგან ახალი სტანდარტების მიხედვით, დაწესებულების ადმინისტრაციას თქვენთვის იქ შესვლის იძულება (თუნდაც თქვენი ხელში აყვანის გზით) ჩაეთვლება არაადამიანურ მოპყრობად, რის შემდეგ თქვენ მიმართავთ სახალხო დამცველს და მისი საშუალებით მიიღებთ ფართო სამოქალაქო და საერთაშორისო მხარდაჭერას.

 

არ ჩაერთოთ სასამართლო სხდომებზე დისტანციურად, რადგან ახალი სტანდარტების მიხედვით, სასამართლო სხდომა მხოლოდ მაშინაა კანონიერი და სამართლიანი, თუ სხდომაზე პირადად დაესწრება ბრალდებული.

 

თუ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია თქვენს ზემოხსენებულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, საქართველოს სახალხო დამცველი ამას შეაფასებს, როგორც თქვენს „პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის“ დარღვევად და ყველაფერს გააკეთებს თქვენი უფლებების დასაცავად.

 

მოგიწოდებთ, რომ ასეთი ქმედებით ხელი შეუწყოთ ახალი სტანდარტების დანერგვას საქართველოს პენიტენციურ სისტემაში!“ - წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner