logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, დავეხმაროთ, ჰქონდეთ ხელფასი და იყვნენ დასაქმებული
- +

22 ნოემბერი. 2021. 15:54

 

 

„მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, დავეხმაროთ, ჰქონდეთ ხელფასი და იყვნენ დასაქმებული“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

„პირადად მე ასეთ ფაქტს წავაწყდი, არსებობს კომპანიები, რომლებიც კვალიფიციურ კადრებს ეძებს, არიან ადამიანები, რომლებიც სამსახურს ეძებენ. ორი პრობლემის წინაშე ვართ. ერთი – კვალიფიციური კადრი და მეორე, ადამიანები, რომლებიც სამსახურს ვერ პოულობენ. ჩვენ დაახლოებით 5 000 ადამიანის გადამზადებას ვახორციელებთ ყოველგვარი გადასახადების გარეშე, რაც ძალიან კარგია. მნიშვნელოვანი პროგრამაა, რადგან ვიცით, ბიზნესსექტორი რა თანამდებობებზე, რა კვალიფიკაციის, რა პროფესიონალიზმის კადრებს ეძებს და ამ მიმართულებით ვახდენთ კონკრეტული იმ ადამიანების გადამზადებას, ვისაც სურვილი ექნება, ჩაერთოს ამ პროგრამაში. ყველაზე მთავარია, ის ადამიანები, რომლებიც გადამზადდნენ, მათი ძალიან დიდი ნაწილი დასაქმებულია. შეიძლება, გაზარმაცებაში სახელმწიფოც იყოს დამნაშავე, რადგან ადამიანს უხდი სოციალური დახმარების თანხას და ამავდროულად ის შეშინებულია, რომ ოფიციალურად სადმე მუშაობა არ დაიწყოს, რადგან შეიძლება, სოციალურად დაუცველის სტატუსი ჩამოერთვას და ამ თანხას ვერ მიიღებს. ამიტომ, ამ ადამიანებს შევთავაზოთ პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ, ხელფასი ჰქონდეთ, დასაქმებული იყვნენ და არანაირი პრობლემა არ შეექმნათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ამასთან, კახა კალაძის თქმით, მიესალმება ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებულ ინიციატივას და აღნიშნა, რომ ​ონლაინ-კაზინოების ძალიან დიდი ნაწილი უცხოეთში გადის.

 

„ეს უდიდესი პრობლემაა და გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული და მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა, რომ ჯერ გადასახადები უნდა გაიზარდოს, ამას მივესალმები. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, საუბარი იქნება იმაზე, რომ ონლაინ-კაზინოები გაუქმდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას ახალი პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს უნდა შესთავაზონ სამუშაო ადგილები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner