„ქართული ოცნება“ არის ზუსტად ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყნის დასავლური კურსი ასახა ქვეყნის ძირითად კანონში“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ სტრასბურგში განუცხადა.
„დღეს გვექნება შეხვედრები ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან. ხვალ შევხვდებით ევროპარლამენტარებს. ვისაუბრებთ სხვადასხვა თემაზე, რომელიც უკავშირდება ძირითადად შიდა პოლიტიკას და საგარეო პრიორიტეტებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაწვდით საერთაშორისო პარტნიორებს საჭირო ინფორმაციას. ველოდებით საინტერესო დისკუსიებს სტრასბურგში.
რაც შეეხება ქვეყნის საგარეო კურსს, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული და „ქართული ოცნება“ არის ზუსტად ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყნის დასავლური კურსი ასახა ქვეყნის ძირითად კანონში. მათ რიტორიკას რაც შეეხება, მე შეგახსენებთ, რომ მათი რიტორიკის ნაწილი იყო ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების ლანძღვა პირდაპირ ეთერში და შესაბამისად, საგარეო კურსის ცვლილება თავისკენ მოიკითხონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ქართული საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგშია. ირაკლი კობახიძე ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს იწყებს. შეხვედრების მთავარი თემა ქვეყნის ევროინტეგრაციაა.