„ჩვენი ამოცანაა, პარლამენტმა იმუშაოს სრული დატვირთვით და ამაში უნდა ჩაერთოს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც არის სახელმწიფოებრივად ორიენტირებული“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ სტრასბურგში ვიზიტის დროს განუცხადა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგს არავინ უნდა გაჰყვეს - ყველა პარტიამ უნდა იხელმძღვანელოს სახელმწიფოებრივი დღის წესრიგით.
„ასეთი პოლიტიკური პარტიები ყველა საპარლამენტო პროცესში იქნებიან ჩართული, დანარჩენი მათი გადასაწყვეტი, მათი უფლებაა, თუმცა მათ მიმართ რეაქციაც იქნება მათი გადაწყვეტილებების შესაბამისი. „ლელო“ არის ერთ-ერთი პარტია, რომელიც ვერ ახერხებს თავი გაითავისუფლოს იმ დღის წესრიგიდან, რომელსაც თავისთვის ადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს არის ძალიან სამწუხარო. არავინ უნდა გაჰყვეს „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგს. ყველა პარტიამ უნდა იხელმძღვანელოს კერძო დღის წესრიგით და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივი დღის წესრიგით. ასეთი პარტიები იქნებიან სრული მასშტაბით ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.