გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის ინიციატივით „სატყეო სექტორის ჯგუფის“ წევრებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც „საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით იმსჯელეს.
კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც პირველი მოსმენით მიმდინარე თვის დასაწყისში მიიღო პარლამენტმა, სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობი სექტორის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა შენიშვნები და მოსაზრებები.
აღნიშნული შენიშვნები აისახება კანონპროექტში მეორე მოსმენისას.
კერძოდ, საკითხი შეეხება საინვესტიციო წინადადების საფუძველზე ტყის სტატუსის შეწყვეტას საკურორტო-სარეკრეაციო მიზნით.
„ტყის სტატუსის შეწყვეტა საინვესტიციო წინადადების საფუძველზე საკურორტო-სარეკრეაციო მიზნით კანონის პროექტის ინიცირებულ ვარიანტში ხორციელდებოდა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, იმ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი საქმიანობა არ ექვემდებარებოდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (გზშ). მეორე მოსმენისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებებისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის შენიშვნის გათვალისწინებით, ტყის სტატუსის შეწყვეტა საინვესტიციო წინადადების საფუძველზე საკურორტო-სარეკრეაციო მიზნით მოხდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით და დამატებითი კრიტერიუმები ამ საკითხთან დაკავშირებით გაიწერება კანონქვემდებარე აქტში,“ - განცხადა მაია ბითაძემ.