თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმების, ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის განცხადებებს პასუხობს. როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, საქართველოში „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ხარისხის თაობაზე მათი ინსინუაციები და დემაგოგია სიმართლისგან ძალიან შორს არის.
მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსით მაღალი სიკვდილობის მიზეზი არ არის კლინიკური მართვის ხარისხი და ამ თემაზე სპეკულაციებს ვერ დაუშვებენ.
„ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ქ-ნი ნანა გეგეჭკორი თავის პოსტში უკვე მერამდენედ უაღრესად არაკორექტულად და ცინიკურად მიმართავს საქართველოს მოსახლეობას. კერძოდ, ის წერს – „იქნებ ეს მაინც (რეგენერონის მონოკლონური ანტისხეულები, თ.ც.) იქონიოს საქართველომ, რომ ასე არ დახოცოს საკუთარი მოსახლეობა (?! თ. ც.). ჩვენ (ამერიკაში) უკვე დიდი ხანია, ვიყენებთ რუტინულად. „იქნებ მოსთხოვოთ თქვენს მთავრობას, „სისხლიანი ბანერების“ ნაცვლად სიცოცხლის გადარჩენა დააფინანსოს. და კიდევ რაც მთავარია სიცოცხლესთან ერთად ადამიანად დარჩენის საშუალება მოგცეთ“ (?! თ. ც.). ასევე ამერიკაში მცხოვრები მეორე ქართველი ექიმი ბ-ნი ზურაბ გურული ნიშნის მოგებით ამბობს, რომ დღეში COVID-ით 100 კაცი გვიკვდება (ტყუილი. თ. ც.) და რომ „ქართული COVID კლინიკები არ ცდილობენ პროაქტიული ჩარევით პრევენციულად აღკვეთონ სიტუაციის დამძიმება და ციტოკინური შტორმისგან უკვე განადგურებული ფილტვებით ცდილობენ რეანიმაციაში უშედეგო ბრძოლას“ (დიდი ტყუილი. თ. ც.).
ჩვენ პატივს ვცემთ ქ-ნ ნანას და მითუმეტეს ბ-ნ ზურაბს მისი არაორდინალური (არამარტო საექიმო) ნიჭის გამო. მათი პოლიტიკური გემოვნებაც მათი საქმეა, მაგრამ ვერაფრით ვერ მივცემთ მათ ჩვენი მოსახლეობის და ექიმების შეურაცხყოფის უფლებას მითუმეტეს, რომ მათი ინსინუაციები და დემაგოგია სიმართლისგან ძალიან შორს არის. საიდან ამდენი ღვარძლი და ბოღმა?
ქ-ნო ნანა და ბ-ნო ზურაბ. რატომ მიმართავთ ასეთი ღვარძლით და ნიშნის მოგებით საკუთარ სამშობლოს? იმისთვის, რომ მას არა აქვს ისეთი მატერიალური შესაძლებლობები, როგორიც 21 ტრილიონი დოლარი GDP-ის მქონე მსოფლიოში უმდიდრეს და უძლიერეს ამერიკას? თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ, რომ ამერიკის და მისი მედიცინის ძლიერებაში რაიმე წვლილი მიგიძღვით. თუ რამე მართლა შეგიძლიათ, ან რაიმე ჩვენზე მეტი იცით, ამერიკიდან კი ნუ გვედიდგულებით, არამედ ჩამობრძანდით აქ და ადგილზე შეეცადეთ იმაზე მეტი COVID ავადმყოფი გადაარჩინოთ, ვიდრე ამას ჩვენ ვახერხებთ.
სიმართლე ასეთია: სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველო ახალი COVID შემთხვევების და შესაბამისად გარდაცვლილთა რაოდენობით ნამდვილად არის ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, მაგრამ ეს არამც და არამც არ ხდება მედიკამენტების არქონის და/ან არასათანადო კლინიკური მართვის გამო, არამედ სულ სხვა მიზეზებია – ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვა, პირბადეების ძალიან დაბალი მოხმარება და პერმანენტული, ძალიან ხალმხრავალი პოლიტიკურად მოტივირებული აქციები, რასაც სამწუხაროდ, თქვენც ახალისებთ.
უნდა იცოდეთ, რომ საქართველოს კარგა ხანია, შემოტანილი აქვს ორი სხვადასხვა მწარმოებლის „Regeneron/Roche“-ის და „Eli Lilly“-ის მონოკლონური ანტისხეულები და მათ ვიყენებთ როგორც ამბულატორიული (ბინაზე დარჩენილი), ისე ჰოსპიტალიზებული COVID ავადმყოფების (განსხვავებული, უფრო მაღალი დოზებით) სამკურნალოდ ბრიტანეთის მიერ ა.წ. ივნისში დადებული ძალიან სერიოზული კვლევის შედეგების და NHS-ის რეკომენდაციის გათვალისწინებით. რამდენადაც ვიცით, თქვენთან ამერიკაშიც კი ჯერ ამ ანტისხეულებს ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში (კლინიკებში) არ იყენებთ, რადგან FDA-ის რეკომენდაციას ელოდებით. ეს ისე ცნობისთვის, თქვენი ტყუილების პასუხად. რაც შეეხება „ადამიანად დარჩენას“ – ნამდვილად არ გვგონია, რომ ეს თქვენგან შეიძლება გვესწავლებოდეს. ყველამ თავის ადამიანობას მიხედოს.
ბ-ნო ზურაბ! რატომ გეცოტავებათ საქართველოში დღეში 49,08 COVID გარდაცვლილი (საშუალოდ ოქტომბერ-ნოემბერში) და რატომ გინდათ მაინც და მაინც 100 იყოს? ან საიდან მოიტანეთ ეს დიდი ტყუილი ქართული COVID კლინიკების შესახებ. რა იცით იქ როგორ მკურნალობენ, რომელიმე მათგანში ცალი თვალით მაინც შეგიხედავთ? სინამდვილეში ჩვენს კლინიკებში გაცილებით ადრე დავიწყეთ მულტიდისციპლინური მიდგომებიც და პროაქტიური მკურნალობაც, ვიდრე თქვენ ამერიკაში. სწორედ ამიტომ ჰყავდა ვაქცინაციის დაწყებამდე საქართველოს ამერიკასა და ევროპის უმეტეს ქვეყნებზე გაცილებით ნაკლები გარდაცვლილი და მხოლოდ სრულად ვაქცინაციის (და არა უკეთესი კლინიკური მართვის) შემდეგ გამოიხედეთ თვალში. დღეს ჩვენს კლინიკებში აქტიურად და ძალიან წარმატებულად ვიყენებთ სწორედ პროაქტიურ მეთოდებს და პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მედიკამენტებს და მიდგომებს (რემდესივირი, ბარიციტინიბი, ტოცილიზუმაბი, მონოკლონური ანტისხეულები, სისხლის ექსტრაკორპორული გაწმენდა სხვადასხვა ფილტრებისა და სორბენტების გამოყენებით და სხვ.) და თუ COVID ავადმყოფი დროულად შემოვა კლინიკაში, ისინი რეანიმაციაში ძალიან იშვიათად ხვდებიან. რეანიმაციაში ხვდებიან მხოლოდ დაგვიანებით შემოსული პაციენტები და ისიც ძირითადად არავაქცინირებული. აი, დაბალი ვაქცინაცია (მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 25%) ნამდვილად არის ჩვენი სუსტი ადგილი და ამას გარკვეულწილად ქ-ნი ნანას არაკორექტულმა გამონათქვამებმაც შეუწყო ხელი, რომელიც ა.წ. აპრილში აცხადებდა, რომ საქართველოს „არ აქვს უნარი ვაქცინაციის მარტივი გართულებები უპრობლემოდ მართოს“ და „მისი (ქ-ნ ნანას. თ.ც.) სიცოცხლე ქართულ ჯანდაცვის სისტემას რომ ებაროს, თავს დაუცველად ვერ იგრძნობდა“. არადა, საქართველოში მოსახლეობის საუკეთესო COVID ვაქცინებით ვაქცინაციისთვის პრაქტიკულად იდეალური პირობებია შექმნილი და 2 მილიონზე მეტი ვაქცინაციიდან მძიმე გართულებით მხოლოდ ერთი შემთხვევა დასრულდა.
ახლა ის ფაქტები, რომლის მოსმენაც თქვენ ყველაზე მეტად არ გიყვართ. თქვენ კარგად იცით, რომ COVID ავადმყოფების კლინიკური მართვის (და არა მთლიანად პანდემიის მართვის) ხარისხის ერთადერთი ობიექტური კრიტერიუმია ყველა დადასტურებული შემთვევიდან გარდაცვალების პროცენტი – ე.წ. CFR (case fatality rate). ისიც კარგად იცით, რომ ვაქცინაცია COVID სიკვდილობას სულ ცოტა 10-ჯერ მაინც ამცირებს და ამის მიუხედავად სრულად ვაქცინირებულ ამერიკაში მთლიანი პანდემიის მანძილზე 48 558 229 COVID ავადმყოფიდან 793 539 ავადმყოფი მოგიკვდათ (CFR-1.63%). მაშინ, როდესაც არავაქცინირებულ საქართველოში 812 246 COVID ავადმყოფიდან გარდაიცვალა 11 498 ავადმყოფი (CFR-1.42%). უფრო მეტიც – ჩვენთვის ყველაზე მძიმე ა.წ. ოქტომბერ-ნოემბერში ამერიკაში 4 270 281 COVID ავადმყოფიდან 76 488 ავადმყოფი მოგიკვდათ (CFR – 1.79%), ხოლო საქართველოში ამავე ოქტომბერ-ნოემბერში 199 234 COVID ავადმყოფიდან 2522 ავადმყოფი გარდაიცვალა (CFR – 1.27%). ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღესაც კი არავაქცინირებულ საქართველოში ყოველი 100 COVID ავადმყოფიდან მეტი ავადმყოფის გადარჩენა ხერხდება, ვიდრე შეუდარებლად უფრო მდიდარ და ძლიერი ჯანდაცვის მქონე და თან სრულად ვაქცინირებულ ამერიკაში. მესმის, რომ ამის აღიარება ცოცხალი თავით არ გინდათ, მაგრამ ერთხელ მაინც იყავით გულწრფელი და თქვით, ეს ფაქტი (რომელსაც წყალი არ გაუვა) საქართველოში COVID-ის კარგ კლინიკურ მართვაზე მიუთითებს, თუ ცუდზე? მე ამას მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, საქართველოში მაღალი COVID სიკვდილობის მიზეზი არამც და არამც არ არის კლინიკური მართვის არასათანადო ხარისხი და ამ თემაზე სპეკულაციებს ვერ დავუშვებთ.
აი, ასეთია სინამდვილე საქართველოში COVID-ის კლინიკური მართვის ხარისხის თაობაზე და თუ არ გვეთანხმებით, დაგვიმტკიცეთ ციფრებით, მაჩვენებლებით და არა ნიშნის მოგებით, ბოღმით, ქილიკით და შეურაცხყოფით ან კიდევ იმ ბანალური ფრაზით – „როგორ ვბედავთ ამერიკასთან შედარებას“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.