„მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის საკითხი საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ წინააღმდეგობაშია“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ განაცხადა. იუსტიციის მინისტრი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების განცხადებას გამოეხმაურა, რომლებიც ამბობენ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა ჩაერთოს.
„პოლიტიკური ცხოვრება და პოლიტიკური საქმიანობა ფართე ცნებაა და ამის დანახვა და გაგება მრავალი კუთხითაა შესაძლებელი. თუმცა რა შეიძლება იყოს პოლიტიკური საქმიანობის მთავარი ინდიკატორები - პირველ რიგში ესაა საარჩევნო უფლება, როგორც აქტიური, ასევე პასიური. ანუ ადამიანს შეეძლოს, რომ იყოს არჩეული ან უბრალოდ აირჩიოს. ასევე საპარლამენტო დემოკრატიაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარია პოლიტიკური პარტიის წევრობა. ბატონ სააკაშვილს, რომელიც არაა საქართველოს მოქალაქე, ის უკრაინის მოქალაქეა, არ აქვს როგორც აქტიური საარჩევნო უფლება, ასევე პასიური საარჩევნო უფლება და მას არ შეუძლია, რომ იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი. შესაბამისად, რა ფორმით უნდა ჩაერთოს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებს მიღმა პოლიტიკურ ცხოვრებაში ამაზე ბუნებრივია პასუხის გაცემა ცოტათი რთული იქნება და თავად იმ ადამიანებმა უნდა ილაპარაკონ ამაზე, ვინც მსგავს მოთხოვნას აყენებენ. თუმცა ეს საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ წინააღმდეგობაშია“, - აღნიშნა ბრეგაძემ.