„პირველ რიგში, ჩვენ, სპორტსმენებმა, უნდა მოვუწოდოთ ყველას, როგორც ჯანსაღი ცხოვრების პირველმა პროპაგანდისტებმა, რომ ავიცრათ“, - ამის შესახებ ვეტერანმა მოკრივემ ბექა ლობჟანიძემ ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია პანდემიის დასასრულებლად.
„ვაქცინაცია ამ პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა და გამოსავალია. ვფიქრობ, პირველ რიგში, ჩვენ, სპორტსმენებმა, უნდა მოვუწოდოთ ყველას, როგორც ჯანსაღი ცხოვრების პირველმა პროპაგანდისტებმა, რომ ავიცრათ. ჩვენ, მოკრივეები, პანდემიის გამო, ფაქტობრივად, 2 წელი სრულად გაჩერებული ვიყავით. ოლიმპიადა გადაიდო, შეჯიბრებებზე ვეღარ გამოვდიოდით. როცა უნდა ჩატარებულიყო 10 შეკრება და 10 შეჯიბრება, ტარდებოდა 2. რა თქმა უნდა, ამან ძალიან აზარალა ყველა სპორტსმენი, ძალიან ბევრ რამეში უკან დაგვხია.
მინდა, მოკრივეების სახელით, მოწოდება გავაკეთო, რომ აუცილებლად ავიცრათ. უკვე აღარ არის ასაკობრივად დაყოფის დრო, რომ იყო საუბარი, ხანდაზმულები უფრო რისკ-ჯგუფიაო. რა თქმა უნდა, ასეცაა, მაგრამ ვირუსი ახალგაზრდების სიცოცხლესაც დიდ საფრთხეს უქმნის. ჩემი 35 წლის მეგობარი, ჯანმრთელი ადამიანი, შეიწირა კორონავირუსმა. მე თვითონაც ძალიან მძიმედ გადავიტანე, საკმაოდ გამირთულდა. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ყველა ავიცრათ, ნურც ჩვენს თავს დავიღუპავთ და ნურც სხვას დავღუპავთ“, - თქვა ბექა ლობჟანიძემ.