ყოფილი ვიცე-პრემიერი, პოლიტიკური დევნილი თემურ ბასილია გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მედიამ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ინტერპოლმა მასი ძებნა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა, მისი თქმით, ეს 9 თვის წინ მოხდა. ბასილიას თქმით, მისი ძებნის შეწყვეტის საფუძველი გახდა ის, რომ სააკაშვილი მას პოლიტიკური მოტივით დევნიდა.
„მედიამ დეზინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ჩემი ძებნა ინტერპოლმა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა, სინამდვილეში კი ეს 9 თვის წინათ მოხდა. სააკაშვილის რეჟიმი ოპონენტების დევნისას საერთაშორისო ქსელებს, მათ შორის ინტერპოლსაც იყენებდა და არასასურველი პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის არაერთი მაგალითი არსებობს. ჩემზე ძებნის შეწყვეტის საფუძველი სწორედ ის გახდა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მოტივით მდევნიდა, რაც აშშ-ის ხელისუფლებამ დაადასტურა, როცა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მომანიჭა.
ოფიციალურად მივმართე საქართველოს პროკურატურას ჩემი საქმის ხელახლა გამოძიების მოთხოვნით და როგორც ვიცი, საქმის შესწავლა დაწყებულია.
სამართლიანობის აღდგენაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება ლაპარაკი, როცა საქართველოს სასამართლო ჩემს მიმართ პოლიტიკურ დევნას აღიარებს და გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს!" - განაცხადა თემურ ბასილიამ.