logo_geo
eng_logo
ბექა ძამაშვილი: სტრასბურგის სასამართლოდან წერილი მივიღეთ მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა
- +

23 ნოემბერი. 2021. 15:33

 

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ოფიციალური წერილი სამინისტრომ 19 ნოემბრის საღამოს მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

 

„სტრასბურგის სასამართლოდან აღნიშნული წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი ჩაატარა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით სააკაშვილს (რომელიც არ ასრულებდა სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებულ მოწოდებას) გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა“, - აცხადებს ბექა ძამაშვილი.

 

მისი თქმით, აღნიშნულ წერილში სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანს შიმშილობის „დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა“, ხოლო საქართველოს მიუთითა, რომ მკურნალობის პროცესში გაეთვალისწინებინა ექიმთა ჯგუფის მიერ 17 ნოემბერს გამოცემული მოსაზრება.

 

„სასამართლომ, აგრეთვე, დააზუსტა, რომ ორივე მხარის მიმართ დაკისრებული ღონისძიებები იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და უპირობო, რითაც მიანიშნა მომჩივანი, რომ შიმშილობის შეწყვეტისთვის რაიმე წინაპირობის დაწესება დაუშვებელი იყო,“ - აცხადებს ბექა ძამაშვილი.

 

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს უკვე ორჯერ გაუგზავნა შუალედური ინფორმაცია.

 

„მას შემდეგ, რაც პატიმარი გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში და წარმატებით მიმდინარეობს მისი შიმშილობის შემდგომი პერიოდის მკურნალობა, ევროპული სასამართლოს მიერ ორივე მხარის მიმართ გაკეთებული მითითებები შესრულებულია. იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს უკვე ორჯერ გაუგზავნა შუალედური ინფორმაცია და საბოლოო ინფორმაცია გაიგზავნება დათქმულ ვადაში“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner