logo_geo
eng_logo
სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს და აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია
- +

23 ნოემბერი. 2021. 17:08

 

 

სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.

 

ექიმ ნინო შარაშენიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

 

„პაციენტის ზოგადი თერაპიული სტატუსი დინამიკაში მნიშვნელოვნად  გაუმჯობესებულია. ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან თერაპიული სტატუსი მნიშვნელოვნად შეესატყვისება რეაბილიტაციის ვადას და ჩატარებული თერაპიის მოცულობას. თავს გრძნობს უფრო მხნედ, აქტიურია. იღებს საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით. ლაბორატორიული მონიტორინგის საფუძველზე რეგულარულად ხორციელდება მისაღები მედიკამენტების, პარალელურად კვების დოზირების კორექცია. ფიზიკურად დღეს უფრო აქტიურია. ეტაპობრივად მოგაწვდით ყველა ახალ ინფორმაციას, ფიზიკურად გაცილებით აქტიურია, დღეს იყო პირველი მცდელობა მისი გატარების. ეტაპობრივად, ყოველდღიურად უკეთესად გამოიყურება, ფიზიკურადაც და ლაბორატორიულადაც. გადაადგილება აუცილებლად გაუჭირდებოდა ადამიანს, რომელსაც ჰქონდა შიმშილობის ეს კონკრეტული ვადა. ბევრად უკეთესია მისი კლინიკური მდგომარეობა“, – განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

 

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, „არის თუ არა თავისუფალ გარემოში სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროება“, – ნინო შარაშენიძე პასუხობს: „ჩემი კომპეტენცია მთავრდება პაციენტის საწოლთან, მე ვარ პასუხისმგებელი მის სამედიცინო მომსახურებაზე, შესაბამისად, გაძლევთ პირობას, რომ მისი ლაბორატორიული მაჩვენებლები, მისი კვების რეჟიმი და მედიკამენტები აბსოლუტურად იქნება ზუსტად შესრულებული“.

 

კონსილიუმის კიდევ ერთი წევრის, სანდრო ცისკარიძის თქმით, ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია.

 

„რჩება გარკვეული ნევროლოგიური დარღვევები და ამას სჭირდება დრო. მკურნალობა მიდის შეჯერებულად, ყველა სპეციალისტის მიერ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვების აღდგენა, რაც საფუძველი უნდა გახდეს იმის, რომ პაციენტის მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდეს ყველა ასპექტის გათვალისწინებით. აქ არ არის საუბარი რომელიმე ერთ ორგანოთა სისტემაზე. დამატებით მედიკამენტური მკურნალობა მიდის, მიდის მიკროელემენტებით, ვიტამინებით შევსება, რომ თავიდან იყოს აცილებული ასეთი  ხანგრძლივი, 50-დღიანი შიმშილობის შედეგები. ყოველდღიურად ჩვენ ველოდებით გარკვეულ ცვლილებებს და წინასწარ პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია“, – განაცხადა სანდრო ცისკარიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner