ავტორი მარიამ გელაშვილი
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას 16 სერიისგან შემდგარი ფილმი მიუძღვნა, გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
- როდესაც ფილმი „ჰეროკრატია“ გადაიღეთ, ბევრი ადამიანი, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებიც თვლიდნენ, რომ ეს ფილმი სააგიტაციო მასალა იყო ერთი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ, რუსთავის ციხის საკანში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ვიდეო გავრცელდა, რომელიც ბევრმა შეადარა „ჰეროკრატიის“ ერთ-ერთ ეპიზოდს...
- ამ ფილმის დრო აწი მოდის. დღეს რაც ხდება, ეს ჯერ ამ კინოს პროლოგია. დაიწყება სასამართლო პროცესები და საზოგადოება ნახავს, რამდენი ეპიზოდი დაემთხვევა იმ სასტიკ რეალობას, რომელშიც ამყოფეს წლების მანძილზე ამ ჯალათებმა ჩვენი სამშობლო.. ყველაფერი წინაა, კინო ახლა დაიწყო. რეჟისორისთვის, რომლის ფილმზე, საერთოდ არავინ არაფერი თქვა, უფრო დიდი აღიარება არ არსებობს. ისე დუმს კინოსაზოგადოება, კრიტიკოსები, ფილმის პერსონაჟები, პროტოტიპები და ანტიგმირები, ვითომც ეს ფილმი საერთოდ არც ყოფილა, არც უნახავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მიზანშია გარტყმული. ქართველი საზოგადოება აუცილებლად გაითავისებს დროში, რომ ეს ფილმი არის მატიანე იმ უმძიმესი ეპოქის, რომლის შელამაზების, საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალების თუ დავიწყების, უბადრუკი მცდელობაა დღეს სახეზე. მოყოლებული იმ ავადსახსენებელი კოჰაბიტაციიდან, რომელიც ფსევდოლიბერალურმა და ფსევდოდემოკრატიულმა, ბნელმა ძალებმა მოგვახვიეს ჩვენ ქვეყანას თავს! სამწუხაროდ, ჩვენც ავყევით ზედმეტად. საკმარისი პრინციპულება ვერ გამოვიჩინეთ იმისთვის, რომ ეს უსასტიკესი, კაცთმოძულე რეჟიმი, ბოროტმოქმედები, ადამიანობის წინააღდეგ მოქმედი კაციჭამიები გვემხილა და მიგვეზღო ის, რისი ღირსებიც იყვენენ!
ეს მწამებლები, არაადამიანურობის იდეოლოგები და შემოქმედები - ბოკერიები, სააკაშვილები, მერაბიშვილები, ადეიშვილები, გვარამიები, რომელებიც თან პროკურორები იყვნენ, თან მოსამართლეები, თან ჯალათები და თან ქვეყნის მმართველები, ცილს სწამებდნენ, აწამებდნენ და სჯიდნენ უამრავ უდანაშაულო ადამიანს! ეს გარეწრები და მათი მფარველები, ჩრდილოეთში, დასავლეთში თუ ჯანდაბაში, დღეს დემოკრატიის დამცველებად და ჰუმანისტებად, ადამიანის უფლებების დამცველებად რომ გვევლინებიან - ბედავენ ღირსებაზე, თავისუფლებაზე, ჰუმანიზმზე ლაპარაკს!
ფსევდოპოლიტიკოსები, ნიკანორ მელია, გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე სააკაშვილის უსასტიკესი რეჟიმის მსახურები არიან!
მამუკა ხაზარაძეს, სააკაშვილის სისხლიანი ხელებიდან ბრწყინვალების ორდენის მიმღებს, ბადრი ჯაფარიძეს, ბანკირებად რომ მოჰქონდათ თავი, იმავდროულად ციხეებში ნატანჯი, ნაწამები ადამიანებისგან ნაძარცვ ფულს „ნებაყოფლობით“ ბიუჯეტში შეტანილად აფორმებდნენ, იქვე სატუსაღოებში, რათა შემდეგ ეს ფული, სისხლიანი რეჟიმის ბელადებს, ვნებების დასაკმაყოფილებლად გამოეყენებინათ.
ეს არის სიმართლე და ეს სიმართლე არ დაიმალება!
ვერ ეღირსებიან, რამდენიც არ უნდა აფინანსონ მედიასაროსკიპოები!
პროკურატურის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული, პატიმრის წამების და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები განაჩენია მათი! მათი და მათი ლობისტების და მფარველების, ევროპაშიც და ამერიკაშიც! აღარაფერს ვამბობ რუსეთზე, რომლის მსახურები და მარიონეტები არიან და იყვნენ ყოველთვის! მათი იდეური ბელადი და წინამძღოლი, საბჭოთა უშიშროების ეფრეიტორი სააკაშვილი, რომელიც მისი ბიძის კგბ-ს გენერალ თემურ ალასანიას ხელმძღვანელობით, დაუღალავად ცდილობდა, აერია ვითარება საქართველოში და უკრაინაში. და ეს მაშინ, როდესაც ერთად ერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ეს სწადია, არის რუსეთი!
- პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოს გულისხმობთ, პატიმრის წამების ფაქტზე, სადაც ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მიეცა, ხოლო იმავე საქმეზე მეგის ქარდავაა ბრალდებული?
- დიახ!
მე ეს ფილმში გადაღბული მაქვს. ბევრი კიდევ ვერ გადავიღე, იმიტომ რომ ვერც ჩემს ჯგუფის წევრებს, ვერც მსახიობებს და ვერც ქართველ საზოგადოებას, ვერ ვაკადრე იმ არაადამიანური მოქმედების გათამაშება, რასაც რატომღაც, დღემდე მამაკაცების გაუპატიურებას ეძახიან!
როდესაც ადამიანს ხელკეტით ჯიჯგნიან, ეს წამება და ტანჯვაა!
და არა გაუპატიურება!
არაადამიანური ტანჯვა და წამება!
რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ორგანოს დაზიანება ხდება ამ დროს. ეს არაა გაუპატიურება, ესაა ტანჯვა!
ასე აწამეს მრავალი ქრისტიანი წამებული. ტერმინი - გაუპატიურება შემთხვევით არ დაამკვიდრეს ამ მანქურთებმა. გაუპატიურებული მამაკაცი და ნაწამები მამაკაცი კარდინალურად განსხვავებული მცნებებია. ესმოდათ, რომ წამებას საჯაროდ აღიარებს კაცი და გაუპატიურებას არა!
არა და არავითარ შემთხვევაში, თუ ის კაცია!
ეს იყო წამების ისეთი ფორმა, რომელიც არც ფაშისტებს და არც ბოლშევიკებს არ უკადრიათ.
ეს სააკაშვილის რეჟიმმა შემოიღო!
ბოკერიამ შემოიღო!
მერაბიშვილმა, ადეიშვილმა, ბარამიძემ, შაშკინმა, შემოიღეს!
გიგი წერეთელმა, დავით კირკიტაძემ, ელენე ხოშტარიამ, რომლებმაც იცოდნენ, რაც ხდებოდა და ჩუმად იყვნენ, ხმას არ იღებდნენ!
მეტიც: ზოგიერთი მათგანი მიშასთან ერთად უყურებდა ამ კადრებს!
ხალისობდა!
აბა, გამოვიდნენ და უარყონ! ახლა გახდნენ ჰუმანისტები, თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის მებრძოლები?!
ეს ჯალათები და არაადამიანები!
- დაგვიანებული უწოდეს პროკურატურის მიერ აღნიშნული ვიდეოს გამოქვეყნებას - რატომ ადრე არ გამოაქვეყნესო და პოლიტიკურ სპეკულაციად შეაფასეს...
- იმიტომ გამოაქვეყნეს, რომ ახლა მოიპოვეს! სახლში ინახავდა ამ სისაძაგლეს მეგის ქარდავა! ეტყობა, ერთობოდა თავისუფალ დროს! წარმოგიდგენიათ პათოლოგიის დონე? ადრე მერაბიშვილის კაბინეტშიც იპოვეს მსგავსი, დარჩა ბიჭს ეტყობა, შემთხვევით. ეს გაფრთხილება იყო, რომ კომპრომატი ჰქონდათ, უამრავი! ციხის ჩანაწერებით დაწყებული. უკრაინაში წაიღეს თან ეს მასალები!
რამდენი წელია უყურებდნენ და ტკბებოდნენ, ენატრებოდათ, ეტყობა, წარსული დიდება!
მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას - „ქილერა“ მუხაძე უნდა იპოვოთ! უნდა იპოვოთ ეს ქართველი ჩიკატილო! იპოვოთ და ჩამოიყვანოთ საქართველოში! ეს თქვენი, ყველა ჩვენგანის ვალია! თუ არ ვიპოვეთ, ვაი ჩვენს კაცობას! ვერ ჩამოვირეცხავთ ამ სირცხვილს!
ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, ზოგადსაკაცობრიო დანაშაული და საუკუნოვანი სირცხვილია!
არ გვეკადრება ამის არგააზრება და არმონანიება! ნაცარს უნდა ვიყრიდეთ თავზე და მოთქმით ვტიროდეთ, ღირსება თუ შეგვრჩენია, მთელი ერი!
დღეს, ვინც რუსთაველზე დგას და „მიშა, მიშას“ გაჰყვირის, პოტენციური მწამებლები არიან!
შემარცხვენელები არიან ქართული სულის! ტრადიციის! ოჯახის! წარსულის! აწმყოსი და მომავლის! ის, რაც ჩვენ ვნახეთ ახლახანს, ეროვნული ფსკერია! იმის მერე ადგილს ვერ ვპოულობ. ხომ ვიცოდი თითქოს ეს ყველაფერი, უამრავი ინტერვიუ მაქვს ჩაწერილი... მაგრამ წლები გავიდა და მინელებული იყო ეტყობა ჩვენში სინდისის ქენჯნა. სირცხვილის, სიმწრის ცრემლები მადგება თვალებზე, იმის მერე რაც მე ამ ჩანაწერს ვუყურე და ვუსუმინე! ის ბიჭი ხომ ჩვენი ძმა არი, შვილი, მეგობარი, მეზობელი! ეს პირუტყვები რომ არ ეშვებიან! „ტყვია არა გაქვთ, მომკალით! ადამიანები არა ხართო!!! რატომ მტაჯავთ რა დაგიშავეთო!!!“ ამას ყველაფერს ჩვენ გვეუბნება! ყველა ჩვენგანს! პასუხი რომ არ ვაგებინეთ ამ ჯალათებს!
სააკაშვილი სჩადიოდა ამას პირადად!
დღეს ნინო ლომჯარია ამ არაადამიანურობის თანამონაწილე გახდა, ეს ფსევდო არასამთავრობოებიც!
ცდილობენ, გაამართლონ და გადაფარაონ სიცრუით და ცილისწამებით, ეს ბოროტება! ვითომდა მათი იდეური მამის მიშას მიმართ წამებას და არადამიანურ მოპყრობას აქვს ადგილი! როგორ გავიმეტო ეს ახალგაზრდა ქალები და ... - ამ სიმართლით იცხოვრეთ-თქო, როგორ ვუსურვო!
სახალხო დამცველი კი არა, მწამებლების დამცველები არიან! მანკიერი რეჟიმის დამცველები! იმ კადრებში ნაწამები ბიჭის ცოდვაში ფეხჩადგმულები! ის კაცი ცოცხალია! ხალხის დამცველო ლომჯარია, მოიკითხე, მიდი მასთან, მოგიყვება, რა არის წამება და არაადამიანური მოპყრობა! შენ დამცველი კი არა, სირცხვილი ხარ ამ ხალხის!
ამ სიბინძურეში, ამ სიმყრალეში, დაბორიალობენ დღეს ეს ფსევდო პოლიტიკოსები. კოალიციური ოპოზიცია რომ დაირქვეს. ეს გირჩები, ლელოები, მშენებლები, მეტები და ნაკლებები, დროები და უდროები, ძალიან ევროპელები და კიდევ უფრო ევროპელები. ცალ-ცალკე აღარ ჩამოვთვლი, ყველამ იცის მათი სახელები... „ევროპული“ მარშრუტით მიაბიჯებენ, ოღონდ მხარდამხარ მეგისა ქარდავა, ახალაიები, მერაბიშვილი და „ქილერა“ მუხაძე ჰყავთ ამოყენებული, ხოლო თავში მიხაილო უკრაინელი მიუძღვით!
- ამ პოლიტიკაში, რასაც თქვენ „სიმყრალეს” უწოდებთ, სასულიერო პირებიც გაერივნენ... თქვენ ერთ-ერთ სასულიერო პირს, მეუფე ნიკოლოზს წერილითაც მიმართეთ...
- ყველას უფალი მოგვკითხავს! ჩვენ უბრალო ცოდვილები ვართ, ისინი კი ხელდასხმული. ღმერთს გავცემთ პასუხს ყველანი, დრო მოვა. ოღონდ მსჯავრი იქნება სხვადასხვა! მეუფე ნიკოლოზს კითხვა დავუსვი, ველოდები პასუხს. სასიკვდილო შიმშილობა ხომ თვითმკვლელობის ერთ-ერთი ფორმაა? ადამიანი, რომელიც შეგნებულად თავს იკლავს და ამ დროს წმინდა ზიარებას იღებს, შემდეგ კი თვითმკვლელობის მცდელობას აგრძელებს, ეს როგორ აიხსნება? მე მღვდელმთავრის განკითხვას ვერ გავბედავ, მაგრამ კითხვის დასმის უფლება მაქვს.
- სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების გამოქვეყნება პენიტენციური სამსახურის მიერ მიზანშეწონილად მიგაჩნიათ?
- საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს, სინამდვილეში რას წარმოადგენს ეს ბოროტი მასხარა. ეს ჩემი შეფასება არაა, გუბაზ სანიკიძის სიტყვებს ვიშველიებ. ჩემთვის ის ერთი მშიშარა და სამარცხვინო პერსონაჟია, რომელიც ჩვენდა საუბედუროდ ერთ დროს საქართველოს პრეზიდენტი იყო! მერე დიდების ძიებაში, საკუთარ წარმომავლობაზეც უარი თქვა, მოქალაქეობაზეც, სახელმწიფოზეც, უკრაინელად გარდაიქმნა და... მაცივარში ჩაციებული, შემოიპარა საქართველოში. საპრეზიდენტო დელიკატესებით გარშემორტყმული. მართალია, ეს ყველაფერი მოიმოქმედა გმირულად, ესეც გუბაზის დეფინიციაა. თუმცა, წარსულში, ომის დროს, გორში მისი გმირობის ამსახველ კადრებს თუ გავიხსენებთ, დავრწმუნდებით, რომ ისევ გმირულად და ისევ მწოლიარე პოზიციიდან გაშმაგებით უტევს პუტინს და რუსეთს! თან მუდამ, და რაც მთავარია საბოლოოდ, გამარჯვებებით ასაზრდოებს თავის ერთგულ თაყვანისმცემელებს!
ამ ფონზე, ჩემს თანამემამულეებს მინდა ვკითხო, სამეგრელოში მცხოვრებლებს - ტყეში, მიწურში, პატივს რომ ჰყრიდნენ წამებით, მიშას მედალოსნები, ორჯერ ორდენოსან მეგისას წინამძღოლობით... იმ პატიოსანი კაცის განწირული ყვირილი ჩაგესმით დღემდე ყურში? თუ როგორ არის თქვენი ყოფა ამჟამად? მოგენატრათ, მოგაკლდათ ყურს ტანჯული კაცის განწირული ვაება, ხომ?! შემოგაკლდათ გაბახებული და ნაწამები თანასოფლელები და თანაქალაქელები, თქვენი შვილები, ძმები და მეგობრები?! სეთურის დასაბრუნებლად მოწყობილ მიტინგებზე რომ გროვდებით, ამაზე ჩურჩულებთ ერთმანეთში არა, იმედიანად? ეტყობა, მოგენატრათ ახალაების, მერაბიშვილების, ადეიშვილების „სამართალი“. ვერ მოგართმევთ! ვერ მოესწრებით!
იმ უკრაინელ, ვითომ სახალხო დამცველსაც მინდა ვკითხო, ლუდმილა დენისოვას - თქვენი ქვეყნის მოქალაქე, და ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი მაცივრით, მალულად, უკანონოდ რომ არღვევს საზღვარს და თუნდაც შენი მეგობარი, მაგრამ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე კანონის დარღვევით იპარება, ეს თქვენი კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაშვებულია? თავმოყვარეობა არ გაქვთ? თქვენს ქვეყანას არ სცემთ პატივს? მის კანონებს და ღირსებას?
ჩვენს ქვეყანას პატივს რომ არ სცემთ, ეს ვნახეთ და მოვისმინეთ. ჩამოსვლითანავე, პირველივე განცხადებით მეგობარ ქვეყანას, ეკლესიას და საზოგადოებას შეურაცხყოფას რომ მიაყენებ, ამას მოხერხება ხომ უნდა, ეტყობა, მიშასგან გაქვთ ნასწავლი ჩვენი ქვეყნის პატივისცემა!
თმით რომ ათრევდნენ სააკაშვილს რესტორნიდან და სახურავიდან კარლსონივით, უკრაინის საზღვარს უკანონოდ რომ კვეთდა და კონსტიტუციას გახევდათ თავზე, მაშინ ქვეყნის ღირსებაზე, ადამიანის უფლებებზე არ წუხდით? დონეცკში ერთხელ მაინც თუ ჩასულხართ? ან დონბასში? ან ყირიმში? იქაურ ციხეებში ერთხელ მაინც ნამყოფი თუ ხართ? ერთხელ მაინც თუ დაინტერესებულხართ იქაური პატიმრების უფლებებით? თავს ნუ ირცხვენთ და ნურც თქვენს ქვეყანას, რომელიც ქართველებს გვიყვარს და პატივს ვცემთ! ისევე როგორც უკრაინელი ხალხი პატივს სცემს ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ხალხს! კეთილ ინებეთ და თქვენც ეცით ჩვენ ქვეყანასაც პატივი.
თუ ვინმეს ეწადა სააკაშვილის სიკვდილი, მელიებს, გვარამიებს, მინაშვილებს, ანუ ნაც-ფარჩაკებს. აკი გაბუნიამ უნებურად გასცა კიდეც მათი ჩანაფიქრი, პირდაპირ ეთერში! ყველამ იცის, რომ ისინი, მიშას გარეშე, არაფერს წარმოადგენენ!
აქამდე ცოცხალი მიშა ასულდგმულებდათ, ახლა ამოიწურა მიშას შესაძლებლობები და რეზერვები, ვეღარ გაუქაჩა ბელადმა საბრალოებს!
ამიტომ მსხვერპლია საჭირო, მიშაზე უკეთესი ვინ იქნება! არც ერთს არ მოუთხოვია მისთვის შიმშილობის შეწყვეტა.
არც ერთს არ უთქვამს - მიშა, შეწყვიტე შიმშილობა! არავის!
არც ოჯახის წევრებს, სხვათა შორის. ეს უბედური, ეს! დღესაც ამათი ლიდერი რომ ჰგონია თავი. არადა, მათი ხელიდან შესაწირად გამზადებული ვაცია ან ბურვაკი. იმიტომ რომ ცოცხალმა მიშამ ამოწურა თავი, აღარაფერში არგებთ! ახლა მიშას მსხვერპლშეწირვის დრო მოვიდა! ეს თუ ასულდგმულებდათ აწი, ძალაუფლებით ტკბობის ილუზიებს შეუნარჩუნებთ. აბა მათი არც სიცოცხლე არგია არავის და არც აღმა-დაღმა სირბილი.
- დღეს მოცემულობა ასეთია, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა, იყო საუბარი მისი მხარდამჭერების, ადვოკატების, პოლიტიკური კოლეგების მხრიდან, რომ გორის ჰოსპიტალში სააკაშვილს საფრთხე დაემუქრებოდა, მოიტაცებდნენ და ა.შ.
- რომელი გასათხოვარი ქალიშვილი ეგა მყავს, რომ მოიტაცონ... ვის რა ჯანდაბად უნდა, თავის ოჯახსაც აღარ სჭირდება, როგორც ჩანს. ყველაზე მეტად, იცით, რა მენიშნა? სააკაშვილის პასუხი ჯერ ცნობილი არ იყო, იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებაზე, უმალ რომ შეწყვიტეს შიმშილობა თავდადებულმა „რაინდებმა“... ტაკიმასხარები ესენი. 50 დღის მოშიმშილე, მეხუთე სართულიდან პირველ სართულზე დღეში ხუთჯერ ჩამომსვლელია? რასაც შეეხებიან, ყველაფერს ბილწავენ. პატიმრის ერთადერთი ღირებული არგუმენტი საკუთარი სიცოცხლეა და იარაღი კი - სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა! ესეც შეურაცხყვეს ამ მდაბიოებმა! რამდენჯერმე მაქვს შიმშილობა გადატანილი საპყრობილეში, ერთ-ერთის დროს, მე-16 დღეს კედელ-კედელ ძლივს ვმოძრაობდი, სული მეხუთებოდა. 200-ზე მეტი კაცი შედიოდა და გამოდიოდა დღე და ღამე ამ ფარისეველთან. 50 დღე შიმშილობდა და თან დღეში 4-5-ჯერ ადიოდა-ჩადიოდა მეხუთე სართულიდან პირველ სართულზე? აი, ელენე ხოშტარია, არავისთვის არის დამალული ჩემი დამოკიდებულება მისი პერსონისადმი, მაგრამ ის მართლა შიმშლობდა! შედეგად, ეტლი მიუტანეს, ვეღარ გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად მე-15 დღეს, ამ დროს ქალები კაცზე ბევრად უფრო ამტანები არიან. დარწმუნებული ვარ, ელენე მიშაზე ბევრად უფრო ჯანმრთელიცაა, ცხოვრების წესს თუ გავითვალისწინებთ. თუმცა, ეს რომ გეხებოდეს, კაცი უნდა იყო... 50 დღის უჭმელი ადამიანი ასე და ამდენს როგორ იმოძრავებს, დელიკატესებს თუ არ მიირთმევს?
- ბატონო გოგა, ეს ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, თავის დროზე ხელისუფლების მიერ გამოცხადებული კოჰაბიტაციის შედეგად მიღებული არ გგონიათ?
- კოჰაბიტაცია ქვეყნის გარედან თავს მოხვეული პროცესი იყო. ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობის ჩამოყალიბების მცდელობის იმიტაცია. ხელისუფლება საზოგადოების სარკეა. ჩვენ ვირჩევთ მათ და ჩვენც ვართ ხელისუფლების წყარო. ჰოდა, როგორი წყაროც არის, ისეთია წყალიც. რაც ერია, ის ბერია! ყველაზე ადვილი, ყველა გაჭირვებაში და უბედურებაში ხელისფულების დადანაშაულება და ლანძღვაა. მოდი, ყველამ ჩვენს თავშიც ჩავიხედოთ. სუფრასთან რომ უჯდებოდით ამ მწამებლებს და მტარვალებს, ხელს ხომ ართმევდით და უცინოდით, თავხედობას და უტიფრობას უტარებდით ამ ნაცისტებს, მას მერე რაც ციხის კადრები ვნახეთ და აღმოვაჩინეთ, რას სჩადიოდნენ ეს სადისტები და მანიაკები?! და ეს ყველაფერი, ახლა მხოლოდ ხელისუფლების ბრალია? თუ....