„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი გაზეთ „ალიასთან" საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც „პატრიოტთა ალიანსი" 15 წევრმა დატოვა. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ ყოველთვის შეინიშნება ასეთი ცვლილებები.
„საუბარი არ არის ხელმძღვანელ პირებზე. ქართული პოლიტიკა ასეთია წინასაარჩევნოდ, ყოველთვის შეინიშნება რყევები, რაღაც ემოციები, სიებზე ცხარე მსჯელობა, ვის წარადგენენ მაჟორიტარად და ასე შემდეგ. ასეა ყველა პარტიაში და ყველა რეგიონში. „პატრიოტთა ალიანსიდან" 15 წევრის გასვლაც სწორედ ამ მოვლენებს უკავშირდება, მე ძალიან ვწუხვარ ამის გამო. ქვეყანაში ისეთი მანკიერი საარჩევნო სისტემაა, გინდა, არ გინდა, მაინც აწყდები ასეთ განწყობებს, ასეთ დაპირისპირებას სიის ირგვლივ. ყველას უნდა, რომ სიაში პირველი ნომერი იყოს, ყველას ჰგონია, თუ მაჟორიტარად წარადგენენ, აუცილებლად გაიმარჯვებს. არადა, ასე არ არის", - ამბობს ირმა ინაშვილი.