logo_geo
eng_logo
„საქართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობის გაზრდა მეხანძრე-მაშველთა სასწავლო ცენტრის განვითარების გზით“
- +

24 ნოემბერი. 2021. 12:32

 

 

„საქართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობის გაზრდა მეხანძრე–მაშველთა სასწავლო ცენტრის განვითარების გზით“ – პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში რიგით მესამე პროექტს ახორციელებს. პროექტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გამტკიცებასთან ერთად, ქართველი მეხანძრე-მაშველების/ინსტრუქტორების გადამზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება. ამასთან, პროგრამის ფარგლებში განახლდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკური აღჭურვილობის ნაწილი.

 

 

პროექტის დეტალებთან დაკავშირებით „კვირა“ შსს–ს აკადემიის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს უფროსს, არჩილ ქავთარაძეს დაუკავშირდა, რომელიც უშუალოდ არის ჩართული მის განხორციელებაში.

 

– ბატონო არჩილ, რა პროექტია და რას ითვალისწინებს ის?

 

– უშუალოდ პროექტზე საუბრის დაწყებამდე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვარშავის ცენტრალურ სახანძრო სკოლას დაუზოგავი შრომისა და გაწეული დახმარებისთვის.

 

რაც შეეხება პროექტს, ის სასწავლო ცენტრის შესაძლებლობის განვითარებას ითვალისწინებს და თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. რის შედეგადაც ინსტრუქტორები გადამზადდებიან  საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების (ავარიის) დროს საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიმართულებით, ამასთნ მოხდება აღნიშნული სასწავლო პროგრამის უზრუნველსაყოფად შესაბამისი საავარიო-სამაშველო და პირველადი (ექიმამდელი) დახმარების აღჭურვილობის შეძენა და გადმოცემა.

 

– როგორც ცნობილია, პოლონეთისა და საქართველოს სამაშველო სამსახურებს შორის მსგავსი პროექტი პირველი არ არის, რა გამოცდილება დაგიტოვათ წინა პროექტებმა

 

– პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვარშავის ცენტრალური სახანძრო სკოლას და საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის თანამშრომლობა 2016 წელს დაიწყო. პროექტების ხანგძლივობა არის სამი წელი და თითოეული შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: აღჭურვილობის შეძენა, ინფრასტრუქტურის შექმნა და მეხანძრე-მაშველების/ინსტრუქტორების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

 

პირველი პროექტის ფარგლებში განხორციელდა სიმულაციური საწვრთნელი ტრენაჟორების შეძენა როგორიცაა: ღია ცეცხლის კონტეინერი და გათხევადებული აირის შესანახი ცისტერნა, ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდა და  პირადი აღჭურვილობით, ინდივიდუალური სასუნთქი აპარატებით უზრუნველყოფილი იქნა თორმეტი მეხანძრე-მაშველი.

 

მეორე პროექტის ფარგლებში განხორციელდა მრავალ ფუნქციური სიმულაციური საწვრთნელი ტრენაჟორის და სახანძრო აღჭურვილობის შეძენა, ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდა და აღიჭურვა 17 ინსტრუქტორი.

 

ამჟამად მიმდინარეობს მესამე პროექტი, რომელიც სრულად ეთმობა ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის ერთერთ ყველაზე გავრცელებულ და რთულ სახეობას – საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს და ამ შემთხვევებთან დაკავშირებულ სპეციფიკურ სამედიცინო საკითხებს.

 

– პროექტი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების (ავარიის) დროს საავარიო–სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას ინსტრუქტორების სპეციალიზებული სასწავლო პროგრამის შემუშავებასაც ითვალისწინებს..

 

– დიახ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიმართულებით მომზადება ჩადებულია „მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში“ რომელიც ხორციელდება შსს-ს აკადემიის მიერ 2019 წლიდან, პოლონელ ინსტრუქტორებთან ურთიერთობის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოხდება პროგრამის განახლება.

 

როგორც აღვნიშნე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე რეაგირება წარმოადგენს საავარიო-სამაშველო სამუშაოების ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებას, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ეს მიმართულება ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და საჭიროებს მუდმივ გადამზადებას ვინაიდან პირდაპირ არის დაკავშირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მშენებლობის ტექნოლოგიების განვითარებასთან. ავტომშენებლები ხვეწენ ტექნოლოგიებს, იყენებენ ახალ მასალებს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ მგზავრების უსაფრთხოება, ეს ყველაფერი კი მოითხოვს ახალ სამაშველო აღჭურვილობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების შესრულებისთვის როგორც ტექნიკის, ასევე ტაქტიკის დახვეწას.

 

 

– ტექნიკის შეძენა და გადმოცემა ახსენეთ, მიმდინარე პროექტის ფარგლებში რა სახის ტექნიკაზეა საუბარი?

 

– აღნიშნული პროექტის ფარგლებში სასწავლო ცენტრს გადმოეცემა თანამედროვე საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის კომპლექტები, რომელიც აუცილებელია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების (ავარიის) დროს საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის, მაგალითისათვის მოვიყვან ჰიდრავლიკური აღჭურვილობის კომპლექტს, რომელიც წარმოადგენს უპირველეს საჭიროებას  და თამაშობს ერთერთ უმთავრეს როლს დაზიანებულ/დეფორმირებულ სატრანსპორტო საშუალებაში მყოფ  დაზარალებულთან მისაღწევად და მის გამოყვანაში. ასევე უნდა აღინიშნოს პირველადი (ექიმამდელი) დახმარების მიმართულებით სწავლებისათვის საჭირო აღჭურვილობა, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა ტიპის (მათ შორის ინტერაქტიული) და ასაკობრივი ჯგუფის მანეკენებით, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა სირთულის ტრავმების, და ჯამრთელობის მდგომარეობის იმიტირება.

 

– და ბოლოს, როდის მთავრდება პროექტი და რა მნიშვნელობა აქვს მას ქართველი მეხანძრე–მაშველებისთვის/ინსტრუქტორებისთვის?

 

– გამომდინარე იქიდან რომ პროექტი 3-წლიანია, შესაბამისად, დასრულდება 2023 წელს. პროექტი ორმხრივ თანამშრომლობას გულისხმობს, დაგეგმვის პროცესში განიხილება პროექტის მიმართულება და აქცენტი კეთდება არსებულ საჭიროებებზე, შესაბამისად, აღნიშნული პროექტი მოგვცემს საშუალებას გავიზიაროთ მსოფლიოში არსებული გამოცდილება და გადავცეთ ის სხვა მეხანძრე-მაშველებს.

 

​მიმდინარე პროექტი „საქართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობის გაზრდა მეხანძრე-მაშველთა სასწავლო ცენტრის განვითარების გზით“ – გვთავაზობს გაგრძელდეს წინა წლებში დაწყებული აქტივობები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების (ავარიის) დროს საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად ინსტრუქტორების კომპეტენციის გაზრდა შემდეგი გზებით:

 

ინსტრუქტორების კომპეტენციის გაზრდა მრავალსაფეხურიანი სასწავლო ციკლით – თითოეულ მოდულში იგეგმება სილაბუსი, ხოლო ბოლო წელს – ინტეგრირებული წვრთნები, რომლებიც მოიცავს მასობრივი ღონისძიებების სცენარებს ყველა არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით);

 

დიდაქტიკური პროცესისთვის სპეციალური აღჭურვილობის, მათ შორის, ტრენაჟორების, ტექნიკური და სამედიცინო სამაშველო აღჭურვილობის შეძენა და გადაცემა;

 

საგზაო–სამაშველო ინსტრუქტორების სპეციალიზებული სასწავლო პროგრამის შემუშავება (პროგრამა იძლევა სრულ ავტონომიას კვალიფიციური ინსტრუქტორების მიერ ტრენინგის წარმართვაში, როგორც არსებული, ისე მოწოდებული თანამედროვე სასწავლო ინსტრუმენტების გამოყენებით;

 

ქართველი მაშველებისთვის მიძღვნილი კომპაქტური კვლევის სახითმასალის მომზადება, რომელიც სამაშველო სახელმძღვანელოს სახით გამოიცემა. რაც ხელს შეუწყობს წვრთნის სათანადო სტანდარტისა და ხარისხის შენარჩუნებას.

 

აღსანიშნავია, რომ ვარშავის ცენტრალური სახანძრო სკოლა (MSFS) 2019 წლიდან თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოში მეხანძრე-მაშველების პროფესიული სწავლების სისტემის მოდერნიზაციის პროცესებს. თანამშრომლობა ძირითადად ეხება ევროპული სტანდარტების დანერგვას საყოველთაოდ ცნობილი შიდა უსაფრთხოების სფეროში და მოსახლეობის დაცვას კატასტროფების, ბუნებრივი კატასტროფებისა და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული საფრთხის ზემოქმედებისაგან და მათი წარმოქმნის შემთხვევაში სამაშველო სამსახურის სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner