logo_geo
eng_logo
პუტინის „ვაგნერს“ სერიოზული საფრთხე დაემუქრა
- +

24 ნოემბერი. 2021. 13:18

 

 

ევროკავშირის წევრი ქვეყნები კრემლის კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მსჯელობენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა. „ჩვენ შევთანხმდით, ამ ჯგუფის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობის შესახებ. გადაწყვეტილება მიღებული იქნება მაშინვე, როგორც კი ტექნიკური ორგანოები თავის სამუშაოს დაასრულებენ“, - თქვა ბორელმა ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე.

 

სექტემბრის დასაწყისში ინფორმაცია გავრცელდა, რომ მალის სამხედრო ხუნტას ადგილზე „ვაგნერის“ დისლოცირების შესახებ რუსულ მხარესთან მოლაპარაკება ჰქონდა. საფრანგეთის მთავრობამ ეს მიუღებლად მიიჩნია, რადგან იქ საფრანგეთის არმიის ნაწილები არიან განთავსებული. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ სანქციები  იმ კომპანიებსაც თუ ფიზიკურ პირებსაც შეეხება, რომლებიც „ვაგნერთან“ თანამშრომლობენ.

 

 

„ვაგნერი“ პეტერბურგელი ბიზნესმენისა და “პუტინის მზარეულის”, რუსი ოლიგარქის  ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო დაჯგუფებაა. „ვაგნერის“ წევრები  დონბასის საბრძოლო და საოკუპაციო მოქმედებებშიც იღებდნენ მონაწილეობას. ვლადიმირ პუტინი დაჯგუფებასთან კავშირს უარყოფს, თუმცა ყველამ იცის, რომ ჯგუფის ლიდერი დიმიტრი უტკინია, რომელიც რუსეთის სპეცრაზმსა და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მსახურობდა. 2016 წლის 9 დეკემბერს, კრემლში „სამშობლოს გმირების დღესთან“ დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, უტკინმა პუტინთან ერთად ფოტოც კი გადაიღო. უტკინი ნაცისტური იდეოლოგიის ერთგულებით არის ცნობილი, რის დემონსტრირებასაც სხეულზე გამოსახული ფაშისტური სიმბოლოებით დაუფარავად ახდენს.  საინტერესოა, რომ „ვაგნერის“ წევრები წვრთნებს კრასნოდარში, მოლკინოს საწვრთნელ ბაზაზე გადიან. აქვეა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმის მეათე ბრიგადის მთავარი ბაზაც. 

 

 

ოფიციალური მოსკოვი ჯიუტად აცხადებს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფების ოპერაციების შესახებ არაფერი სმენია, მაგრამ მებრძოლებს ორდენებით აჯილდოვებს. 2015 წლის იანვარში, დონბასში დაღუპული „ვაგნერის“ ორი წევრი, ანდრეი ელმეევი და ანდრეი შრეინერი, სიკვდილის შემდეგ სახელმწიფო ორდენებით დაჯილდოვდნენ. „ვაგნერის“ წევრები რუსული სამხედრო ძალების ტრანსპორტით, საწვრთნელი ბაზებით და სამხედრო საავადმყოფოებით სარგებლობენ.

 

 

„ვაგნერი“ ლიბიის, სირიის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და სუდანის კონფლიქტებშია ჩართული. 2018 წელს ჟურნალისტები ორხან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო  ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას შეეცადნენ, თუმცა ისინი ჟურნალისტური გამოძიების დროს  მოკლეს და საქმე ჯერაც არავის გამოუძიებია.

 

 

„ვაგნერის“ სახელს არაერთი მძიმე დანაშაული უკავშირდება. დაჯგუფება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს პირდაპირ და უხეშად არღვევს ყველგან, სადაც დაედგომება. პუტინის პირადი „არმია“ ნეონაცისტებსა და კრიმინალებს აერთიანებს და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები თითოეული ადამიანის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას ემუქრება.

 

გიორგი დგებუაძე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner