ინტერპოლმა უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა. ის 21 წელია წითელი ცირკულარით იძებნება 1995 წლის 29 აგვისტოს პრეზიდენტ შევარდნაძეზე ტერორისტული თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით.
მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აღნიშნულ საკითხს ეხმაურება და ამბობს, პროკურატურა ინტერპოლს მიაწვდის მტკიცებულებებს იმაში დასარწმუნებლად, რომ იგორ გიორგაძე კრიმინალია. ჩილინგარაშვილის თქმით, გიორგაძე მხილებულია დანაშაულში და საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში მას დააკავებენ.
„ჩვენ დავუკავშირდით ინტერპოლის ეროვნულ სამდივნოს და არგუმენტები წარვუდგინეთ. მალე მივაწვდით მტკიცებულებებს და ინტერპოლი დარწმუნდება, რომ იგორ გიორგაძე ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელსაც ბრალად ედება ტერორისტული აქტის ორგანიზება. არ შეიძლებოდა ასე ხელაღებით ძებნის შეწყვეტა.
ვინაიდან ის ძებნილი იყო, ძველი კანონმდებლობით, სანამ არ დააკავებდნენ, ვერ წარიმართებოდა საქმე სასამართლოში. ახლა კი კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, დაუსწრებლად გასამართლდეს და მიესაჯოს სასჯელი.
როცა დავრწმუნდით, რომ საქმეში სრულად იყო მტკიცებულებები მისი ბრალეულობისა, საქმე სასამართლოს გადავეცით.
გიორგაძეს მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი. ინტერპოლის გენერალური სამდივნო დაეყრდნო 2015 წლის 18 თებერვალს ინტერპოლის დამტკიცებულ ინსტრუქციებს, რომელთა საფუძველზეც, პირი, რომელიც სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით, საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას ექვემდებარება. რომ მოემართათ ჩვენთვის, დავასაბუთებდით ძებნის გაგრძელების მიზანშეწონილობას.
იგორ გიორგაძე ძებნილია, მხილებულია დანაშაულებში და თუ ქვეყანაში შემოვა, დააკავებენ", - განაცხადა ირაკლი ჩილინგარაშვილმა.