„პრემიერმა ცალსახად განაცხადა, რომ მის გუნდს განსაზღვრული აქვს საქართველოს გადაქცევა აღმოსავლეთის ლუქსემბურგად, რაც ვფიქრობ მიზანმიმართული და მუხლჩაუხრელად მუშაობის შედეგად სავსებით შესაძლებელია“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს.
როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, პრემიერის გუშინდელ ინტერვიუში ქვეყნის განვითარების თვისობრივად ახალი მიდგომები გაჟღერდა.
„პრემიერმა ცალსახად განაცხადა, რომ მის გუნდს განსაზღვრული აქვს საქართველოს გადაქცევა აღმოსავლეთის ლუქსემბურგად, რაც ვფიქრობ მიზანმიმართული და მუხლჩაუხრელად მუშაობის შედეგად სავსებით შესაძლებელია. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთავრობა აპირებს რეალური ცვლილებების გატარებას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში და მათ შორის უმნიშვნელოვანესი იქნება სოციალური დახმარებებისადმი მიდგომაში ძირეული ცვლილებები და ადამიანების უზრუნველყოფა სამუშაო ადგილებით.
ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია ონლაინ-კაზინოებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებამ. ეტყობა ეს ბატონები გასაგები მიზეზების გამო (ეტყობა წილები აქვთ ონლაინ კაზინოებში) ძალიან შეწუხდნენ, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ აქ საქმე ეხება მომავალ თაობას და სწორედ იმ სოციალურად გაჭირვებულებს, რომლებითაც ასე მანიპულირებენ თავად საკუთარი ქმედებებით პოლიტიკურ გვამებად ქცეულნი პატივცემული ოპოზიციონერები.
ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი თითქმის ყველა სფეროს შეეხო, მაგრამ მათგან გამოვყოფდი გონიოში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას და აგრეთვე იქ ქალაქის გაშენებას, სადაც იქნება სხვა ბიზნეს-სტრუქტურებთან ერთად განთავსებული სათამაშო ბიზნესი. ეს ინიციატივა ძალიან ჭკვიანური და შორეულ მომავალზე არის გათვლილი. სახელდობრ იმით, რომ ამით მოხდება ინვესტიციების და სხვადასხვა სახის ფინანსების შემოდინება, რაც გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას საქართველოში. ამიტომაც, სწორედ ახლა კიდევ ერთი შანსი მიეცა ოპოზიციას თუ როგორ ჯანსაღ და ქვეყნის განვითარებაზე მიმართულ ოპონირებას გაუწევს ის ხელისუფლებას ან კიდევ ისევ ჯაჭვ-ბოქლომებით შეიარაღებულნი ირბენენ ქუჩებში რევოლუციური იდეებით ვადამდელი არჩევნებისა და იმ უკვე ჭკუაზე ვერ მყოფის ციხიდან გამოშვების უაზრო მოთხოვნებით.
პრემიერის გუშინდელი გამოსვლიდან მკაფიოდ გამოიკვეთა უმთავრესი რამ! ქვეყანა უნდა განვითარდეს თანადროულ მოთხოვნათა შესაბამისად და ნებისმიერი პირის მიმართ სამართალი უნდა აღსრულდეს ისე, როგორც ეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოს შეესაბამება“, - წერს გვენეტაძე facebook-ზე.