logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: „ნაციონალებს“ მხოლოდ ქაოსის მოწყობა შეუძლიათ
- +

31 ივლისი. 2016. 03:01



ახლა ის დროა, როცა ყველა პარტია თავისთვის ითვლის საშემოდგომო წიწილებს, ყველას თავის ოჯახ-სანათესაოში ატარებს სოციოლოგიურ კვლევებს და შთამბეჭდავ შედეგებსაც იღებს - ზოგი (საკუთარი ცოლ-შვილიც რომ არ მისცემს ხმას) თვლის, რომ უკვე პარლამენტშია მოსული უმრავლესობით და ახალ მთავრობასაც აკომპლექტებს, ზოგს კიდევ უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰგონია თავი. ამ მხრივ, ძალიან საინტერესოა პაატა ბურჭულაძის პარტიის („სახელმწიფო ხალხისთვის") მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს 19 %, „ქართულ ოცნებას" - 18 %, თავად პაატა ბურჭულაძის „სასტავს" - 12 %, „ალასანია - თავისუფალ დემოკრატებს" - 7 %, ლეიბორისტულ პარტიას - 6 %, „პატრიოტთა ალიანსს" - 3 %, ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობას" - 3 %, ხოლო სხვებს - 8 %. გამოკითხვისას 24 %-ს უთქვამს, არ ვიციო. ჯერ ერთი, „ნაცმოძრაობას" რომ პირველ ადგილზე გაიყვან, ანომალიაა (ეს მიანიშნებს, რომ არავითარი კვლევა არ ჩაგიტარებია) და მეორეც - საკუთარ თავს ამდენი პროცენტი დაუწერო, ცოტა უხერხულია. არადა, ირმა ინაშვილი, რომელსაც ცოტა უფრო მეტი პრეტენზია აქვს, ბურჭულაძის დავთრების მიხედვით, ბარიერსაც ვერ ლახავს. ეჭვს იწვევს, ასევე, ირაკლი ალასანიას პარტიის 7 პროცენტი, რომელმაც 2012-ში ბიძინა ივანიშვილის რესურსების გამოყენების მიუხედავად, პირწმინდად წააგო სამეგრელოში. სხვათა შორის, მოგვიანებით პაატა ბურჭულაძის პარტიის რამდენიმე ლიდერმა „ფეისბუქის" საშუალებით უარყო, მსგავსი კვლევა ჩვენ არ ჩაგვიტარებიაო, მაგრამ, როგორც „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ამბობს „ალიასთან", სამაგიეროდ არ უარყო და დაადასტურა გოჩა ცქიტიშვილის კვლევითმა ორგანიზაციამ (იპმ):


- კი, მე ვნახე ეს კვლევა, ბურჭულაძემაც უარყო, მისი პარტიის წარმომადგენლებმაც უარყვეს, მაგრამ გოჩა ცქიტიშვილის ორგანიზაციამ დაადასტურა, კვლევა ჩატარდა ბურჭულაძის პარტიის დაკვეთითო.


ისევ ცქიტიშვილი, ისევ ის კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში აყალბებს რეალობას. ამ ორგანიზაციას აქვს ერთი და იგივე ბაზა, რომელიც სრულიად ინკოგნიტოა, ჰყავს ერთი და იგივე რესპონდენტები. ამ ყველაფერს იყენებენ საარჩევნო მანიპულაციისთვის. ამავე ბაზას იყენებენ „ენდიაი" და აირაი". მე დიდი ხანია ვამბობ, რომ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და მოხდეს ამ კომპანიის საქმიანობის შესწავლა. რაც ხდება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.


- ვერ გავიგე, რაში სჭირდება ბურჭულაძის პარტიას ცქიტიშვილის კვლევები, ეს ხომ შარში თავის გაყოფას ნიშნავს?

 

- ეს ჩემთვისაც გაუგებარია, ამაზე ბატონ პაატასაც მოუწევს ახსნა-განმარტებების გაკეთება. ამ კვლევის მიხედვით, „ნაცმოძრაობა" არის პირველ ადგილზე. არადა, ამ პარტიას რეალურად აქვს ბარიერის გადალახვის პრობლემა. შეიძლება საარჩევნო პერიოდში გააქტიურებამ „ნაციონალები" ცოტა გააძლიეროს და 12 პროცენტით ასწიოს, მაგრამ ცოტა ხნის წინ 4-5 პროცენტი იყო მათი რეიტინგი.


თუ იქნება მაღალი აქტივობა, თუ მოვა ყველა ამომრჩეველი უბანზე და მისცეს ხმას სასურველ პარტიას ან კანდიდატს, ამით „ნაცმოძრაობა" უფრო ჩაიძირება. დღეს მიდის ასეთი საუბრები: მე აღარ ვერევი პოლიტიკაში, იმედი გამიცრუვდა, არ წავალ არჩევნებზე და ასე შემდეგ. ეს არ არის კარგი, ე.წ. ნეიტრალური მასა აუცილებლად უნდა გააქტიურდეს. „ნაციონალებმა" კარგად იციან, როგორ გააორმაგონ თავიანთი მაჩვენებელი არმიმსვლელთა ხარჯზე.


დღეს ისეთი სიტუაციაა, მხოლოდ პოლიტიკოსები ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას, თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი პარლამენტი უნდა მომავალში.


- ირმა, რა ხდება აჭარაში, რატომ დატოვა „პატრიოტთა ალიანსი" 15 წევრმა? როგორც ისინი აცხადებენ, პარტიაში „ოდიოზური ფიგურები" გაწევრიანდნენ და მათთან ერთად მუშაობის მხრივ შეიქმნა ინტერესთა კონფლიქტი. ისეთი წარსულის მქონე ადამიანები მოიყვანეს, რომლებიც ამ პარტიაში არ უნდა ყოფილიყვნენ, დღესაც მოქმედი საჯარო მოხელეები არიან, მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ და მაღალი ანაზღაურება აქვთ, ჩვენ მათ წლების განმავლობაში ვებრძოდით მოსახლეობასთან ერთადო. ამას აცხადებენ ირაკლი თებიძე, მირზა აბაშიძე, დურმიშხან შაინიძე, თამილა ხალვაში და სხვები.

 

- აქ საუბარი არ არის ხელმძღვანელ პირებზე. ქართული პოლიტიკა ასეთია წინასაარჩევნოდ, ყოველთვის შეინიშნება სიებზე ცხარე მსჯელობა, ვის წარადგენენ მაჟორიტარებად და ასე შემდეგ, ასეა ყველა პარტიაში და ყველა რეგიონში. 15 წევრის გასვლაც სწორედ ამ მოვლენებს უკავშირდება, მე ძალიან ვწუხვარ ამის გამო. ქვეყანაში ისეთი მანკიერი საარჩევნო სისტემაა, გინდა, არ გინდა, მაინც აწყდები ასეთ განწყობებს, ასეთ დაპირისპირებას სიის ირგვლივ. ყველას უნდა, რომ სიაში პირველი ნომერი იყოს, ყველას ჰგონია, თუ მაჟორიტარად წარადგენ, აუცილებლად გაიმარჯვებს. არადა, ასე არ არის.


- ეს რომ ჩვეულებრივ დაავადებად იქცა, ვხედავთ, მაგრამ არა მგონია, თქვენი პარტია გამონაკლისი იყოს, სადაც „ნაციონალები" და თანამდებობის პირები ვერ შემოაღწევენ, ვერ შემოძვრებიან. ამას პირდაპირ ამბობენ თქვენი პარტიის ყოფილი წევრებიც.

 

- არა, აქ ლაპარაკი არ არის არავითარ შემოძრომასა და გამოძრომაზე. მე გეუბნები რეალურ მიზეზს, რატომ წავიდა ეს ხალხი ჩვენი პარტიიდან. ყველაფერი უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიას და ბატალიებს, ყველას უნდა სიაში პირველი ადგილი. პარტია ცოცხალი ორგანიზმია, გადის 15 წევრი, შემოდის 1500. მე გულახდილად გითხარი, რაც ხდება.


- „ქართული ოცნება" და „ნაციონალები" ნელ-ნელა წინ მიიწევენ სიების მხრივ, თქვენ რას აპირებთ?

 

- ჩვენც ვმუშაობთ, გვინდა, რომ გონივრულად შევადგინოთ სია. ჯერ კონტურებია მოხაზული, კანონით, 7 სექტემბრამდე უნდა მოხდეს წარდგენა. თუმცა უკვე წარვადგინეთ კონსტანტინე მორგოშია მცხეთაში, ახალგაზრდა ბიზნესმენი. მე კენჭს ვიყრი ისევ საგარეჯოში და ასევე, სვანეთსა და რაჭაში წარვადგინეთ ემზარ კვიციანი. ზუგდიდში გვყავს დიპლომატი ოთარ ჭითანავა. აი, ნახავთ, ჩვენ ძალიან ბევრ ოლქში ხელისუფლებას დავუსვამთ მეორე ტურს და შემდეგ უკვე მოვიგებთ.


- ესე იგი, „ნაციონალებს" აღარაფრად თვლი?

 

- მე „ნაციონალებს" გამოვრიცხავ. მათ მხოლოდ ქაოსის მოწყობა შეუძლიათ, მათ არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების რესურსი. მე დავდივარ ყველა რეგიონში, ყველა სოფელში და არავინ მეუბნება, რომ „ნაცმოძრაობას" უჭერს მხარს. ხანდახან გამოჩნდება ხოლმე 2-3 კაცი.



„ალია" ერთ-ერთ „პროტესტანტს", ირაკლი თებიძეს დაუკავშირდა. როგორც ბატონი ირაკლი ამბობს, „პატრიოტთა ალიანსის" აჭარის რეგიონულ ორგანიზაციაში იმდენმა საეჭვო წარსულის მქონე და ოდიოზურმა ფიგურამ მოიყარა თავი, იქ გაჩერება და მუშაობა უკვე შეუძლებელი გახდა:


- ბატონო ირაკლი, ვინ არიან ეს ოდიოზური ფიგურები, შეგიძლიათ, დამისახელოთ?

 

-ჩვენ მაგაზე კომენტარი გავაკეთეთ, მიბრძანდით ოფისში და ნახეთ.


- რომელ ოფისში უნდა მივბრძანდე? რა განცხადებაც გააკეთეთ, ვნახე, წავიკითხე. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ყველას სიაში მოხვედრა გინდათ, ყველას პირველ ხუთეულში გინდათ და ყველას გგონიათ, რომ დამაჯერებლად მოიგებთ.

 

- არა, ჩვენ სიებზე ლაპარაკი საერთოდ არ გვქონია. რაც შეეხება ოდიოზურ ფიგურებს, არაერთხელ ველაპარაკეთ, თარხან-მოურავმაც იცოდა ყველაფერი.


დიდი ხანია, ამაზე გამოვთქვამთ პრეტენზიებს. რა ვიცი, სიებზე მართლა არ გვქონია ლაპარაკი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხდება ხალხის ჩანერგვა, შემოხეტება, რაც გინდათ, ის დაარქვით.


- ძირითადად „ნაციონალების" ჩანერგვაზეა საუბარი?

 

- არა მხოლოდ „ნაციონალებზე"... რა ვიცი, იქიდან, აქედან, მოხეტიალე ხალხი ბევრია.


- სანამ წახვიდოდით, ირმა ინაშვილს უთხარით თქვენი პრეტენზიები?

 

- ირმას არა, მაგრამ  პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრი ჩამოდიოდა, მიდიოდა, მოდიოდა, ამაზე არაერთხელ გვითქვამს. ბატონმა დავითმა თვითონაც განაცხადა, თებიძემ ჯერ კიდევ აპრილში დააყენა ეს საკითხიო. რომ შევხედეთ, რა ხდებოდა და აზრი აღარ ჰქონდა, წავედით.


- ანუ ინაშვილი შეეგუა ვიღაცების ჩანერგვას და თქვენ გაიწირეთ?

 

- არ ვიცი, ეგენი რას შეეგუვნენ, ჩვენ რომ ვერ შევეგუეთ, ეგ ცხადია და ამიტომაც დავტოვეთ პარტია.

 

 

 

გელა ზედელაშვილი

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner