„სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი მაგდალენა ანდერსონი შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
შვედეთის 349-მანდატიან პარლამენტში მაგდალენა ანდერსონის კანდიდატურას მხარი 117 დეპუტატმა დაუჭირა, 174 - წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 57 დეპუტატმა თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ასარჩევად მხოლოდ ის სჭირდება, რომ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტმა მის წინააღმდეგ ხმა არ მისცეს.
მაგდალენა ანდერსონი 2014 წლიდან შვედეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.