„შთაბერო ქვას სული... დაეხმარო, რომ მანაც იგრძნოს... გააცოცხლო და აჩუქო უკვდავება. დიახ, უკვდავება და მარადიული სიცოცხლე. როცა მოქანდაკე ხარ, არ იქნება მკრეხელური ნათქვამი, რომ შენ პატარა ღმერთი ხარ...ქმნი და აცოცხლებ".
ნოემბრის წვიმიან დღეს პარიზში დაბადებულმა ბიჭმა პატარა ღმერთობა შეძლო. ალბათ, როცა პირველად მოჰკიდა ხელი საჭრეთელს, არც უკვდავებაზე ფიქრობდა და არც ნარ-ეკლიან გზაზე, რომელსაც ცხოვრება უმზადებდა. ოგიუსტ როდენი მხოლოდ სულში დაგროვილი ჰარმონიის ქვაში გადატანას ცდილობდა და საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა. მიუხედავად მამის გააფთრებული წინააღმდეგობისა, იგი ჯიუტად ცდილობდა, თიხისთვის სულის შთაბერვას...
მისთვის წარმატება რთული მისაღწევი აღმოჩნდა. პირველი აღიარება 40 წლის ასაკში ეწვია, როცა მისი ნამუშევრები - „იოანე ნათლისმცემელი" და „მოსიარულე კაცი" მთავრობამ შეიძინა.
როდენის ხელოვნება იმდენად სრულყოფილია, რომ მის აღქმას ხელს მანძილიც ვერ უშლის. უგოლინოს ტრაგედიას, რომელიც, შიმშილისგან გაგიჟებული, საკუთარი შვილების ცხედრებით იკვებებოდა, მნახველი შორიდანაც ეზიარება... „ის, ვინც ოდესღაც იყო მშვენიერი ოლმიერი" სიბერეშეპარული კურტიზანების სევდას გვაგრძნობინებს... დანტეს, ვიიონის და ბოდლერის შემოქმედებით შთაგონებული, ერთმანეთში გადახლართული ფიგურები ფანტასმაგორიულ სანახაობას ქმნიან... შემაძრწუნებელია პაოლოს სასოწარკვეთილი სახე, რომელიც ფრანჩესკას დაჭერას ცდილობს... გასაოცარი, თითქმის ცოცხალია დანაიდა...
დანაიდები, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ეგვიპტის მეფის დანაოსის 50 ქალიშვილი იყო. მეფემ ქალიშვილებს გათხოვებისას პირველ ღამეს სიძეები მოაკლევინა. მხოლოდ ერთადერთი შვილი - ჰიპერმნესტრა არ დაემორჩილა მამას და საქმრო არ მოკლა. ქმარმა კი მოგვიანებით მას მამა მოუკლა... ეს თემა როდენის შემოქმედებისთვის განსაკუთრებულად ღირებული აღმოჩნდა, რადგან ამ თემაზე მან შედევრი შექმნა.
მოქანდაკის შემოქმედებაში „ჯოჯოხეთის კარიბჭის" პირველი ფიგურები დანტე ალიგიერის გავლენით გამოიკვეთა და სწორედ ამ ქმნილების გამო უწოდეს როდენს იმპრესიონისტი მოქანდაკე. ბევრმა, შეიძლება, არც იცის, რომ საქვეყნოდ ცნობილი „მოაზროვნე", ეროტიზმით გამსჭვალული „კოცნა" და ტრაგიკული სულისკვეთების „ფრანჩესკა და პაოლო" სწორედ ამ ბარელიეფის ფრაგმენტებია.
ხშირად მიოცნებია, ამ ქანდაკებებს შევხებოდი, თვალები დამეხუჭა და მთლიანად შემეგრძნო „ჯოჯოხეთის კარიბჭის" ყველა ფრაგმენტი... ფრაგმენტები ჩვენი ცხოვრებიდან, რომლებიც არ არის უცხო, თუმცა, დასაფიქრებელია...
„ჯოჯოხეთის კარიბჭეზე" მუშაობას როდენმა 26 წელი მოანდომა და ისე გარდაიცვალა, დამთავრება ვერ მოასწრო (ბარელიეფი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდგ ჩამოასხეს ბრინჯაოში). არც არის გასაკვირი, რადგან ხელოვნების შედევრს, რომელშიც დიდი ხელოვანის ტალანტმა მთელი ძალით იფეთქა და სადაც კაცობრიობის მთელი ცოდვა, დანაშაული და მონანიება უნდა ჩაქსოვილიყო, ერთი სიცოცხლე ნამდვილად არ ეყოფოდა.
ერთმანეთშია ჩაწნული ნათელი და ბნელი, სიცოცხლე და სიკვდილი, სისასტიკე და სინანული... ეს მოჯადოებული წრეა, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია... ამ კარიბჭეს მართლაც მივყავართ იქით, სადაც იმედი მხოლოდ ფუჭი სიტყვაა და სხვა არაფერი...