გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობა მზად არის, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარი დაუჭიროს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია კოალიციურ შეთანხმებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან ერთად ვიმუშავებთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შემდგომი განვითარებისთვის. ისეთმა სახელმწიფოებმა, როგორებიც არის უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, რომლებიც ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვიან, დაახლოების შესაძლებლობა უნდა მიიღონ შემდგომი რეფორმების გზით კანონის უზენაესობისა და საბაზრო ეკონომიკის სფეროებში“, - ნათქვამია შეთანხმებაში.
გერმანიაში „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციური მთავრობის შემადგენლობაზე შეთანხმდნენ.
მთავრობის სრულ შემადგენლობას პარტიები უახლოეს მომავალში წარადგენენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ „სოციალ-დემოკრატები“ კანცლერის, შინაგან საქმეთა; თავდაცვის; მშენებლობის; შრომისა და სოციალური პოლიტიკის; ჯანდაცვის და ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრების თანამდებობებს მიიღებენ.