ამბავი, რომელიც დღეს უნდა გიამბოთ, არის ამბავი ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც გადაწყვიტა, მთის ნატურალური პროდუქტით, ხელოვნურ პირობებში წარმოებული ქარხნული პროდუქციის ერთი სეგმენტი მაინც ჩაენაცვლებინა და არაბუნებრივი, ქიმიური დანამატებით სავსე სასმლის ნაცვლად, ადამიანებისთვის ნატურალური, ბუნებრივი სასმელი შეეთავაზებინა. საუბარია ჩაიზე, რომლითაც ბევრი ჩვენგანის დილა იწყება.
მოკლედ, თუ ქართული, ნატურალური პროდუქტი გიყვართ, შესაძლოა, ჩაი „მთაჩიც“ გაგისინჯავთ. „მთაჩი“, დაახლოებით, 2 წელია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. ეს წამოწყება თემო მაისურაძეს ეკუთვნის, რომელმაც ძალიან განსხვავებული სფეროდან თანდათანობით გადაინაცვლა მეწარმეობაში. მოგზაურობის და თავგადასავლები მოყვარულმა ტურიზმის სფეროში გადაინაცვლა. სწორედ ამ სფერომ აღმოაჩენინა ყაზბეგი, მხარე, რომელშიც შემდგომში ბინა დაიდო.
იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ყაზბეგში მხოლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურა და სასტუმროებია, გაუჩნდა იდეა, გაეკეთებინა რაღაც ახალი, რითიც ამ რეგიონს წარმოაჩენდა. მართალია, პანდემიის პერიოდი დაემთხვა, თუმცა 2019 წელს საქმე მაინც დაიწყო.
რატომ „მთაჩი“?
„მოხევეები საკუთარ დიალექტზე საუბრობენ. ნებისმიერ სიტყვას, რომელიც „ში“-ზე მთავრდება, მოხევეები „ჩი“-ზე ამთავრებენ. რადგანაც ჩაი მთაში და ალპურ ველებზე იკრიფება, გადავწყვიტე, ადგილობრივი დიალექტის გათვალისწინებით, „მთაჩი“ დამერქმია“, - ამბობს თემო.
„მთაჩის“ ღირსებები ისაა, რომ ის ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, ქართული და ტრადიციულია, პირველ რიგში ის გემრიელი ჩაია.
როცა თემო სახეობებს არჩევდა, ყველაზე ოპტიმალურ 3 ვარიანტზე შეჯერდა: ბეგქონდარაზე, ბალახეულ ნაკრებსა და ყვავილოვან ნაკრებზე. სამივე მათგანი, ჯამში, ჩაის შვიდი სახეობის ბალახისგან მზადდება. https://www.facebook.com/mtachitea/
„ჩემი პროდუქტი ყაზბეგის ეროვნულ პარკშია მოკრეფილი, ალპურ ზონაში, სხვადასხვა მინერალით მდიდარ მთის კალთებზე. დღესდღებით სამ სახეობას ვაწარმოებ.
პირველი ყვავილოვანი ნაკრებია, რომელიც უნიკალური რბილი გემოთი ხასიათდება და აქვს მომადუნებელი ეფექტი.
შემდეგი სახეობა ბალახეული ნაკრებია, რომელშიც ჟოლოსა და მოცვის ფოთოლი შედის. ახასიათებს რბილი, მოტკბო, ხავერდოვანი გემო, რომელიც გავსებთ სასიცოცხლო ენერგიით.
რაც შეეხება ბეგქონდარას, ის ცალკე იმიტომ გავაკეთეთ, რომ საკმაოდ მძაფრი გემო და სუნი აქვს. ამიტომ, თუ სხვა სახეობებთან ოდნავ მეტი მოხვდა, შესაძლოა, მთლიანად თავის გემოზე გადაიყვანოს. როგორც წესი, ყვავილოვან ნაკრებში ბეგქონდარა შედის, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ოდნავ მისი გემოს ნოტი დაჰკრავდეს. ბეგქონდარას უნივერსალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ის შესაძლოა სანალებლის სახით ვიხმაროთ ხორციან კერძებში“, - აღნიშნავს თემო.
როცა საქმიანობა დაიწყო, რა თქმა უნდა, გამოცდილება ცოტა ჰქონდა. შეცდომებიც დაუშვა, რომელთა გარეშეც, ალბათ, არასდროს კეთდება საქმე, თუმცა მათზე ისწავლა... საჭირო მარაგის შესავსებად, თავიდან მკრეფავების ჯგუფს უშვებდა,თუმცა შემდეგ გადაწყვიტა მეტად ჩართულიყო საქმიანობაში. თავად წასულიყო ჯგუფთან ერთად და კრეფის პროცესში უშუალოდ ჩართულიყო. ასეც მოიქცა.
„ჩაის ყვავილობა, თუ ამინდებმა შეუწყო ხელი, ივნისის 10-დან იწყება. ივნისის ბოლომდე ყვავილების მომწიფებას ველოდებით, რათა სურნელი და გემო უფრო დაიხვეწოს. მოკრეფისთვის აუცილებელია, წვიმიდან, მინიმუმ, 2 დღე იყოს გასული. ამასთან, აუცილებელია, ზუსტად ვიცოდეთ ის ადგილები, სადაც უნდა დავკრიფოთ. სანამ საუკეთესოებს შევარჩევდი, ყველა მდელო და საკრეფი ადგილი მოვიარე“, - ამბობს თემო.
„მთაჩი“ სეზონურად ასაქმებს ადამიანებს. თემოს მკრეფავების 3-კაციანი და დამრჩევების 5-კაციანი ჯგუფი ჰყავს. როგორც თავად გვიყვება, დაკრეფიდან შეფუთვამდე ჩაი საკმაოდ გრძელ გზას გადის.
„თუ ნედლეულს ყვავილოვანი ნაკრებისთვის ვაგროვებთ, ყვავილები არ ფერმენტირდება, რადგან ეთერზეთებს დაკარგავს და გამოუსადაგარი იქნება. ფერმენტაცია არ უკეთდება არც ბეგქონდარას. აუცილებელია ყვავილები გამოშრეს საწარმოში, სადაც ყველა შესაბამისი პირობაა შექმნილი. როცა მოჭკნობის კონდიციამდე მივა, შემდეგ ჩაის დარჩევა იწყება, რის მერეც ინაცვლებს თაროზე, სადაც ასრულებს გაშრობის პროცესს. გაშრობის შემდეგ ჩაი იფუთება.
ბალახეული ნაკრების დამუშავება განსხვავებული ტექნოლოგიაა. ყვავილოვან ნაკრებთან ერთადერთი საერთო მოჭკნობა და გაშრობა აქვს. მოჭკნობის პროცესს, აქაური კლიმატიდან გამომდინარე, ცოტა მეტი დრო სჭირდება. შემდეგ გამრჩევები იწყებენ მუშაობას იმ პირობით, რომ გარჩევის პროცესი იმ დღესვე უნდა დასრულდეს. ეს აუცილებელია. განსხვავებით ყვავილოვანისგან, ბალახეული ნაკრებისთვის ფერმენტაცია აუცილებელია. 24 საათის მერე სრულიად სხვა კონდიციას იღებს, რის შემდეგაც ისრისება და იჭრება“, - განმარტავს თემო.
მისი 1 ჩვეულებრივი დღე დილის 6 საათიდან იწყება. 9 საათზე უკვე საწარმოშია და საქმეს აკეთებს. დროს ისე ანაწილებს, რომ 6 დღის მანძილზე მოილიოს დაგეგმილი საქმეები და კვირა დღე მხოლოდ დასვენებას დაუთმოს. თავისუფალ დროს მთაში გასეირნებაც უყვარს.
ჩაის წარმოების გარდა, თემოს სოფლის მეურნეობა აქვს - მიწათმოქმედებას ეწევა. მოკლედ რომ გითხრათ, თემო მთაში ცხოვრობს ყველა იმ წესით, როგორც ხევს ცხოვრობენ.
რაც შეეხება „მთაჩის“ შეძენას, ამის საშუალება მომხმარებელს სპეციალურ ონლაინპორტალზე აქვს. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი მთელი საქართველოს მასშტაბით იგზავნება.