logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: 60 წელს ზემოთ მოსახლეობა უნდა ავცრათ მაქსიმალურად, პირადად ჩემთვის მაქსიმალური რიცხვი არის სულ მცირე 90 პროცენტი
- +

25 ნოემბერი. 2021. 14:48

 

 

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვის შესამცირებლად კვლავ მნიშვნელოვანია აცრა.

 

ტიკარაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია.

 

„მნიშვნელოვანია ისევ და ისევ აცრა, ვინაიდან ჩვენ ვაკვირდებით, რომ ქვეყნები, სადაც მოქალაქეების 60 პროცენტზე მეტია აცრილი, და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩემთვის  60 წელს გადაცილებული ადამიანები,  ვინაიდან როგორც საქართველოს, ასევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის სტატისტიკა აჩვენებს, რომ სწორედ ამ ასაკში არის მაღალი ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაციაში განთავსება და მაღალი ლეტალობა. სხვა ქვეყნების მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, რომ 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში აცრის რაოდენობა აქვთ 90 პროცენტზე მეტი. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საქართველოც უნდა დარჩეს თავის თავდაპირველ გეზზე, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ 60 წელს ზემოთ მოსახლეობა უნდა ავცრათ მაქსიმალურად“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

ამასთან, მინისტრის განმარტებით, სტატისტიკა საკმაოდ მძიმეა, თუმცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის შემცირებული, რაც დამაიმედებელია.

 

„სტატისტიკა არის საკმაოდ მძიმე, თუმცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის ერთზე დაბალი, დღეს არის 0.91, რაც დამაიმედებელია, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს ნიშნული იყოს შენარჩუნებული და კიდევ უფრო დაწეული, რათა ჰოსპიტალურმა სექტორმა შეძლოს და გაუმკლავდეს მოცემულ რიცხვებს. რაც შეეხება სიკვდილიანობას, სიკვდილიანობას ამცირებს ვაქცინაცია და მნიშვნელოვანია, 60 წელს ზევით მოქალაქეები იყვნენ მაქსიმალურად აცრილი, ეს მაქსიმალური რიცხვი ჩემთვის პირადად არის სულ მცირე 90 პროცენტი 60 წელს ზემოთ.

 

ეროვნული გეგმა დადებული იყო 2022 წლის პირველ იანვრამდე. აქედან გამომდინარე, უმჯობესია, ჯერ თავი შევიკავოთ ნებისმიერი შეფასებისგან. ჩვენ უკვე 40 პროცენტამდე მოქალაქეები გვყავს აცრილი. დიდი იმედი მაქვს, რომ 60 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომელთა აცრის მაჩვენებელი დღეს 30 პროცენტზე დაბალია, მეტად გააქტიურდებიან. მათთვის დაგეგმილია არაერთი წამახალისებელი ღონისძიება და დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი წახალისებები მათზე იმოქმედებს, გააქტიურებს ამ პროცესს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner