საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი ნოემბრისათვის 36.35 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 487.37 მლნ ლარით, ანუ 1.36%-ით მეტია პირველი ოქტომბრისთვის არსებულ მაჩვენებელზე.
ანგარიშის თანახმად, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 210.11 მლნ ლარით, ანუ 1.35%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 277.26 მლნ ლარით, ანუ 1.36%-ით გაიზარდა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 39.21 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.05 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.84% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.60%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.78%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.33%, ხოლო ევროს წილმა 15.32% შეადგინა.