„დაძაბულობის ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო, უკვე უკანაა. ეს უნდა ყოფილიყო მისი ჩამოსვლის პირველ დღეს, არჩევნების დღეს, მეორე ტურის წინ... დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ტალღა საერთოდ ვერ აგორდა“, - ამის შესახებ პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, გაუგებარია, თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, როგორ უნდა გამოცხადდეს ის სასამართლო პროცესზე.
„თუ ცუდადაა და ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, როგორ უნდა წავიდეს რამდენიმე დღეში ჰოსპიტალიდან სასამართლო პროცესზე? ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციაა. მეორე მხრივ, ვხედავთ ექიმების დასკვნებსაც, რომელთა მიხედვითაც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით, დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის. თუ 29-ში სასამართლო პროცესია და ეს კაცი ავადაა, ფიზიკურად, როგორ უნდა წავიდეს?.. ამიტომ, არ მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდეს. ალბათ, გააგრძელებს მკურნალობას“, - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.
მისივე თქმით, მასშტაბური აქციისთვის ბევრი ადამიანია საჭირო, თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამდენი ადამიანის ქუჩაში გაყვანა არ შეუძლია. ვლადიმერ პაპავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს დესტრუქციისკენ მოწოდებების გარდა, დღეს სხვა გზა არ აქვს.
„მიხეილ სააკაშვილმა იცის აჯანყება, რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალებები - ასეთი მოწოდებების გარდა, დღეს სხვა გზა არ დარჩენია, არჩევანი ძალიან მწირი აქვს“, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.