ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხვრელად საკუთარ გეგმებს საზოგადოებას პირველ აგვისტოს გააცნობს.
სერგეენკოს თქმით, არსებობდა სისტემური პრობლემა, როცა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო შეეძინა ნებისმიერი წამალი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელი ჯგუფის იქნებოდა, გარდა ნარკოტიკისა. მისი განცხადებით, ახლა ეს სისტემური პრობლემა ერთეულოვან პრობლემად გადაიქცა.
„ეს მტკივნეული პროცესი იყო მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის, თუმცა ამოცანა შევასრულეთ და რა შედეგი მოგვცა, ვნახეთ. თუკი ეს იყო სისტემური პრობლემა, გადაიქცა ერთეულოვან პრობლემად. ორშაბათს ალბათ გვექნება საშუალება სამინისტრომ უფრო ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბოს მოქმედების გეგმა ამ მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, საქართველოში 20-დან 25-მდე აფთიაქია, სადაც ასეთი არაკეთილსინდისიერი საქმიანობის რეციდივები შეინიშნება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.