logo_geo
eng_logo
ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში საკრებულოს სხდომა დაიწყო
- +

26 ნოემბერი. 2021. 11:33

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში, დაიწყო საკრებულოს სხდომა, რომელზეც მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს. სხდომა, ბათუმის საკრებულოს წევრის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო, წუთიერი დუმილით დაიწყო.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ითხოვენ, დღის წესრიგიდან ამოიღონ პირველი საკითხი, რომელიც ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გულისხმობს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სხდომის ჩაშლის უფლებას არ მისცემენ და ბიუჯეტს მაინც დაამტკიცებენ.

 

„ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრებას ამდენი დრო, ორ თვეზე მეტი, არ დასჭირვებია. ბათუმში, საკრებულოს ბიუჯეტი არასდროს არ დამტკიცებულა ნოემბერში, ის ყოველთვის დეკემბრის მიწურულს მტკიცდებოდა“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე.

 

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისადაა და სამართლებრივად მისაღებია.

 

„ქალაქ ბათუმის საკრებულოზე ბიუჯეტი პროცედურისა და კანონმდებლობის სრული დაცვითაა წარდგენილი. ჩვენ, ისევე, როგორც ქალაქ ბათუმის საკრებულო, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ბიუჯეტში ასახულია ჩვენი თანამოქალაქეების მომდევნო წლის უმნიშვნელოვანესი საჭიროებები. ოპონენტების მხრიდან დესტრუქციული ქმედება გუშინ, ბიუროს სხდომაზეც ვიხილეთ, დღესაც ვნახეთ ამის მცდელობა. მათი დღის წესრიგი არის პოლიტიკური დესტაბილიზაცია, პოლარიზაცია და, ამით, ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის განვითარებისთვის ხელის შეშლა. ამას, ბუნებრივია, ჩვენ მხოლოდ საქმით ვუპასუხებთ“, - აღნიშნა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.

 

იქამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანსა და საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ რაულ თავართქილაძეს დაუპირისპირდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner