logo_geo
eng_logo
„ნაცმოძრაობის“ წევრმა, ბათუმის საკრებულოს სხდომის ჩასაშლელად, დარბაზში მძაფრი სუნის სპეციფიკური ნივთიერება დაასხა
- +

26 ნოემბერი. 2021. 12:02

 

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს. დეპუტატები იძულებულები გახდნენ, სხდომათა დარბაზი დაეტოვებინათ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ სხდომათა დარბაზში სპეციფიკური ნივთიერება დაასხა, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. ქამადაძის თქმით, დღეს ყველა გზით ეცდებიან სხდომის ჩაშლას და არ დაუშვებენ, მომდევნო წლის ბიუჯეტი დამტკიცდეს.

 

მისივე განცხადებით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომელიც, ადრე, მისი პარტიის წევრმა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოიყენა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ითხოვენ, დღის წესრიგიდან ამოიღონ პირველი საკითხი, რომელიც ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გულისხმობს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სხდომის ჩაშლის უფლებას არ მისცემენ და ბიუჯეტს მაინც დაამტკიცებენ.

 

„ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრებას ამდენი დრო, ორ თვეზე მეტი, არ დასჭირვებია. ბათუმში, საკრებულოს ბიუჯეტი არასდროს დამტკიცებულა ნოემბერში, ის ყოველთვის დეკემბრის მიწურულს მტკიცდებოდა“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე.

 

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისადაა და სამართლებრივად მისაღებია.

 

„ქალაქ ბათუმის საკრებულოზე ბიუჯეტი პროცედურისა და კანონმდებლობის სრული დაცვითაა წარდგენილი. ჩვენ, ისევე, როგორც ქალაქ ბათუმის საკრებულო, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ბიუჯეტში ასახულია ჩვენი თანამოქალაქეების მომდევნო წლის უმნიშვნელოვანესი საჭიროებები. ოპონენტების მხრიდან დესტრუქციული ქმედება გუშინ, ბიუროს სხდომაზეც ვიხილეთ, დღესაც ვნახეთ ამის მცდელობა. მათი დღის წესრიგი არის პოლიტიკური დესტაბილიზაცია, პოლარიზაცია და, ამით, ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის განვითარებისთვის ხელის შეშლა. ამას, ბუნებრივია, ჩვენ მხოლოდ საქმით ვუპასუხებთ“, - აღნიშნა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.

 

იქამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანსა და საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ რაულ თავართქილაძეს დაუპირისპირდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner